სასტუმროების სექტორის წარმომადგენლების ნაწილის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სასტუმრო ბიზნესის საინვესტიციო მიმზიდველობა შემცირდა, რისი მთავარი მიზეზი ინვესტიციის უკუგების გაზრდილი პერიოდია.
როგორც BMG-სთან კომპანია „ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელი პაატა კოკაია ამბობს, თუკი გასულ პერიოდში სექტორში ინვესტირებული თანხის უკუგების პერიოდი 7-8 წელი იყო, ახლა ეს ვადა მინიმუმ 17-18 წლამდეა გაზრდილი.
პაატა კოკაიას თქმით, ბოლო წლებში ქვეყანაში სასტუმრო ოთახების მიწოდება იმაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა, ვიდრე წლიურად ტურისტების რაოდენობა იზრდება.
მისი თქმით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე „ინნ ჯგუფი” სასტუმროების ქსელის გაფართოებას და ახალი ობიექტების დამატებას არ გეგმავს.
“აქ ორივე მდგენელია. რა თქმა უნდა, თვითონ ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა ტურიზმის და სასტუმროების კუთხით [ინვესტირებაზე] შემცირებულია, რადგან თუ ადრე, 10 წლის წინ, შესაძლებელი იყო, რომ 7-8 წელიწადში თქვენი თანხა უკან მიგეღოთ [სასტუმრო ბიზნესში ინვესტირებული], დღეს, სულ მინიმუმ 17-18 წელი სჭირდება.
ამის გარდა, ჩვენს გარშემო სულ ომებია და ეს კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას და შეიძლება დღევანდელი მდგომარეობით არც 17 და 18 წელი იყოს [საკმარისი]. თუმცა რა თქმა უნდა, ამასაც ბანკები უყურებენ და თავის მხრივ ბანკიც ცდილობს, რომ ასეთი პორტფელებით ზედმეტად არ დაიტვირთოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სასტუმრო ან გაიყიდა, ან დაიხურა, ან კიდევ პროფილი შეიცვალა.
17-18 წელი გჭირდებათ, რომ ინვესტირებული თანხა ამოიღოთ. ეს ყოველგვარი კრედიტების გარეშე. კრედიტები კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. 9%-ზე მეტია დღეს ევროში საპროცენტო განაკვეთი. ამიტომ, თუ კრედიტი გაქვთ, შეიძლება 20-23 წელი დაგჭირდეთ თქვენი თანხის [ამოღებისთვის].
ჩვენ უკვე მეტი სასტუმროს აშენებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ. ერთადერთი, თბილისში მდებარე სასტუმრო „ივერიაში“ მოგვიწევს ინვესტირება. ფაქტობრივად ყველგან გვაქვს საცურაო აუზი, საუნები, სპორტდარბაზი. ერთადერთი არ აქვს „ივერიას“ და რეინვესტირება მოგვიწევს ალბათ „ივერიაში“. სხვა მიმართულებით არ ვაპირებთ ამ ეტაპზე არანაირ მშენებლობას”, - განაცხადა პაატა კოკაიამ.
„ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ შექმნილი ვითარების ფონზე, კომერციული ბანკებიც სიფრთხილით ეკიდებიან სასტუმრო სექტორის დაკრედიტებას, რადგან ბოლო წლებში მომრავლდა შემთხვევები, როდესაც ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების გამო, სასტუმროების ნაწილი გაკოტრდა და დაიხურა.
“დღეს ასეთი სიტუაციაა, მარტო სასტუმროს იმედით ბანკი კრედიტს არ გასცემს, თუ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა არ არის. აუცილებლად უნდა წარადგინო სხვა რაღაც თანმდევი, გვერდითა ბიზნესი, რითაც ამ კრედიტის მომსახურებას შეძლებ. ანუ მარტო სასტუმროს იმედზე თითქმის წარმოუდგენელია რომ დღეს კრედიტი აიღოთ.
თუ ბანკი დაინახავდა, რომ ეს არის ძალიან მოგებიანი ბიზნესი, რა თქმა უნდა დააკრედიტებდა, იმიტომ რომ ბანკის მთავარი მოვალეობაც ეგ არის, რომ სესხები გასცეს, მაგრამ რომ ნახა, რომ რამდენი ისეთი შემთხვევაა, როდესაც სასტუმროები კოტრდება, რა თქმა უნდა, სიფრთხილით ეკიდება დაკრედიტებას.
განსაკუთრებით დიდი კონკურენცია არის თბილისსა და კახეთში. ვფიქრობ, რომ ძალიან არამიმზიდველია დღეს კახეთში და თბილისში სასტუმროს აშენება. 2019 წლის შემდეგ იმდენად გაიზარდა სასტუმროების რაოდენობა თბილისსა და კახეთში, რომ ტურისტების რაოდენობა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაეწია [მიწოდებას], არათანაბარზომიერი ზრდაა”, - განაცხადა პაატა კოკაიამ.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორის დაკრედიტება არ იზრდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში სექტორზე გაცემულმა საკრედიტო პორტფელმა 3.02 მილიარდი ლარი შეადგინა. მაშინ როდესაც შარშან ანალოგიურ პერიოდში ტურიზმის დარგზე გაცემული სესხების მოცულობა მცირედით მეტი, 3.04 მილიარდი ლარი იყო.