გლობალური ეკონომიკის ტრანსფორმაციისა და ლოგისტიკური ჯაჭვების გადახედვის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ ქვეყნები, რომლებიც შეიძლება ჩამოყალიბდნენ სანდო პარტნიორებად და განვითარების საყრდენ წერტილებად. დღეს ყაზახეთის რესპუბლიკა მტკიცედ იკავებს სწორედ ასეთ პოზიციას, ქმნის ხელსაყრელ და პროგნოზირებად გარემოს საერთაშორისო ინვესტიციებისთვის.

ცენტრალური აზიის უდიდესი ეკონომიკის მქონე ყაზახეთი - მთლიანი შიდა პროდუქტით 360 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი - თანმიმდევრულად ახორციელებს დივერსიფიკაციისა და გახსნილობის პოლიტიკას. ბოლო წლებში ქვეყანაში განხორციელდა ინსტიტუციური რეფორმების კომპლექსი, რომელიც მიმართულია საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე, ინვესტორთა უფლებების დაცვასა და კერძო სექტორის განვითარებაზე. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და რეიტინგული სააგენტოები სტაბილურად აღნიშნავენ ყაზახეთის მაკროეკონომიკური პოლიტიკის მდგრადობას, რაც მას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბაზრად აქცევს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უცხოელი ინვესტორებისთვის კომფორტული პირობების შექმნას. ყაზახეთში მოქმედებს საერთაშორისო ფინანსური ცენტრი „ასტანა“ (AIFC), რომელიც ფუნქციონირებს ინგლისური სამართლის პრინციპებზე და სთავაზობს გამჭვირვალე რეგულირების მექანიზმებს, საგადასახადო შეღავათებსა და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას. 2018 წელს დაარსების დღიდან AIFC-ში 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1 500-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა, რაც მას რეგიონში საერთაშორისო კაპიტალის ნამდვილ ჰაბად აქცევს.

ყაზახეთის საინვესტიციო მიმზიდველობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა. ქვეყანა ცენტრალურ როლს ასრულებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა კორიდორის) განვითარებაში, რომელიც აკავშირებს ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, კავკასიასა და ევროპას. ამ კონტექსტში საქართველო წარმოადგენს ყაზახეთის მნიშვნელოვან პარტნიორს, რომელიც უზრუნველყოფს შავ ზღვაზე გასვლას ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგური, რომელიც რეგიონში ყაზახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივია, იკავებს საქართველოს საზღვაო ტვირთბრუნვის საერთო ბაზრის დაახლოებით 40 %-ს. ასეთი ურთიერთ შემავსებელი თანამშრომლობა ქმნის მნიშვნელოვან პერსპექტივებს ლოგისტიკის, ტრანზიტისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისათვის.

დღეს ქართული ბიზნესის წინაშე იხსნება ფართო შესაძლებლობები ყაზახეთის ბაზარზე შესასვლელად. პერსპექტიული მიმართულებებია აგროსამრეწველო კომპლექსი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ციფრული ეკონომიკა, ფინანსური მომსახურება, მწვანე ენერგეტიკა და ტურიზმი.

ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა უკვე ადასტურებს პარტნიორობის მაღალ პოტენციალს. ყაზახეთი სტაბილურად შედის საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების რიგში, ხოლო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ორმხრივი ვაჭრობა 35 %-ზე მეტით გაიზარდა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თანამშრომლობის პოტენციალი არსებითად აღემატება მიმდინარე მაჩვენებლებს.

თანამედროვე პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ ინვესტიციების მოცულობა, არამედ მათი ხარისხიც - ორიენტაცია ინოვაციებზე, მდგრად განვითარებასა და დამატებული ღირებულების შექმნაზე. ყაზახეთი აქტიურად ავითარებს „მწვანე“ ეკონომიკას, ციფრულ ტექნოლოგიებსა და ახალი თაობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს და იწვევს საერთაშორისო პარტნიორებს ამ ინიციატივების ერთობლივი განხორციელებისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ყაზახეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ხელს შეუწყობს მდგრადი მიწოდების ჯაჭვების ფორმირებას, ბიზნეს კონტაქტების გაფართოებას და ახალი განვითარების წერტილების შექმნას ორივე ქვეყნისთვის.

ყაზახეთი ღიაა თანამშრომლობისთვის და მზად არის ქართულ პარტნიორებს შესთავაზოს არა მხოლოდ ბაზარი, არამედ საიმედო პლატფორმა უფრო ფართო ევრაზიულ სივრცეში გასასვლელად.