საქართველოში გლინტვეინი პოპულარული გახდა, თუმცა ნამდვილ გლინტვეინს ბევრი ვერ ამზადებს, - ამის შესახებ "ბუდას გლინტვეინის" დამფუძნებელმა ნოდარ ძიძიგურმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი თქმით, ბაზრის განვითარების პარალელურად, მათი მიზანია ხარისხის შენარჩუნება და ასორტიმენტის ეტაპობრივი გაფართოება.

"საშობაო მარკეტზე გლინტვეინის გარდა, პირველებს გვქონდა წაბლი და სხვადასხვა სასმელი, მათ შორის, ცხელი შოკოლადი და სხვა ცხელი სასმელები. ჩვენი გლინტვეინი ამჟამად, რამდენიმე მაღაზიაში ბოთლში ჩამოსხმული სახით იყიდება და გარდა ამისა, გვაქვს გამოძახების სერვისიც. ასევე, წარმოდგენილი ვართ საშობაო ბაზრობებზე და სხვადასხვა კომპანიის ღონისძიებებზე. ბოთლის გლინტვეინზე იმხელა მოთხოვნაა, მომარაგებას ვერ ვასწრებთ ჯამში 7 დასახელების პროდუქტი გვაქვს. ჩვენი მომხმარებლების ძირითადი ნაწილი კორპორატიული ნაწილია, თუმცა საცალო მომხმარებლებიც მოგვმართავენ. 

შარშან, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, თითქმის არ ვმუშაობდით. შარშანწინდელ მონაცემებთან შედარებით კი წელს უფრო ნაკლები კორპორატიული შეკვეთა გვქონდა, თუმცა მოთხოვნის მაჩვენებელი სტაბილურია. გვაქვს მოლოდინი, რომ უკეთესი შედეგები გვექნება და უფრო მეტად განვვითარდებით და გავფართოვდებით. გლინტვეინი პოპულარული გახდა, თუმცა ბევრს ჰგონია, რომ გლინტვეინის მომზადება ნებისმიერი ღვინით შესაძლებელია. ეს არის ის, რაც შემდეგ საზოგადოებაში იწვევს განცდას, რომ გლინტვეინი გემრიელი სასმელი არ არის ", - აცხადებს ნოდარ ძიძიგური.

ცნობისთვის, "ბუდას გლინტვეინი" ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. პროდუქციის წარმოება კახეთში ხდება. ნედლეული კი ღვინის გარდა, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის. 

წყარო: ბიზნესპარტნიორი