„საქართველოს რკინიგზაში“ არანაირი საინვესტიციო რესურსის ჩადება არ არის მიზანშეწონილი, - ამის შესახებ
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა რადიო "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, რკინიგზის აქტივი ამჟამად დაახლოებით 2,6 მილიარდი ლარი, აქედან 61%, ანუ დაახლოებით 1,6 მილიარდი ლარი არის კომპანიის ვალდებულება, რაც „საქართველოს რკინიგზას" არამოგებიან ბიზნესად აქცევს.
,,რკინიგზა, მთლიანად ინფრასტრუქტურა, ვერ გამოიყურება დადებით კონტექსტში. მაგალითად, რკინიგზის აქტივი 2,6 მილიარდი ლარია და ამ აქტივის 61%, ანუ დაახლოებით 1,6 მილიარდი ლარი არის კომპანიის ვალდებულება. თუ უფრო ღრმად ჩავალთ და კომპანიის EBITDA-ს შევისწავლით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ნელ-ნელა ეცემა და 2023-2024 წელს 30%-მდე შემცირდა.
EBITDA-ს შემცირებას რამდენიმე კომპონენტი იწვევს. პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს რკინიგზაზე დღესდღეობით მომსახურების დაბალი დონეა, ტექნიკური აღჭურვილობის ჩამორჩენილობა და მაღალი ცვეთა. ეს 3 პარამეტრი იწვევს იმას, რომ ეფექტიანობა წლიდან წლამდე მცირდება და ბუნებრივია, ეს ყველაფერი აისახება როგორც სამგზავრო, ისე - სატვირთო გადაზიდვებზე. აღვნიშნავ კიდევ ერთ კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგი „BB მინუს“ დონეზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ტიპის კომპანიაში არანაირი საინვესტიციო რესურსის ჩადება არ არის მიზანშეწონილი, ანუ ეს არის ინდიკატორი, რომლითაც უცხოელ ინვესტორს ეძლევა გაფრთხილება, აქ არ ჩადო არანაირი ფინანსური სახსრები",- აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.