აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს 21 სექტემბრიდან შეწყვეტენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ტურისტულ კომპანია Georgia Holiday-ში, რომელიც ძირითადად ირანის ბაზარზე მუშაობს, აცხადებენ, რომ ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ბოლო რეისებს 20 სექტემბერს შეასრულებენ.
ფრენების შეწყვეტის მიზეზებისა და თარიღის დასაზუსტებლად „რადიო თავისუფლებამ“ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. უწყების პასუხი ამ დროისთვის უცნობია.
15 სექტემბერს ბათუმის მიმართულებით დაგეგმილია სანქცირებული Varesh Airlines-ის, თბილისში კი Fly Kish-ისა და Varesh Airlines-ის რეისები. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვებგვერდზე 15 სექტემბერს ისპაჰანი-თბილისის რეისის გაუქმებაა მითითებული, თუმცა აეროპორტის განმარტებით, რეისი გეგმურად იყო გაუქმებული.
ამასთან, ავიაკომპანია Fly Sepehran-ის ვებგვერდზე თეირანი-თბილისის რეისები 19 სექტემბრის შემდეგ აღარ იძებნება.
ირანის დედაქალაქის აეროპორტის მონაცემებით, ირანიდან საერთაშორისო ფრენები ამ ეტაპზე ომანის, თურქეთის, სომხეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ერაყის, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, ჩინეთისა და ტაილანდის მიმართულებით გრძელდება. ამ ქვეყნებიდან არცერთს ირანული ავიაკომპანიების ფრენების შეჩერების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ირანის არაერთ ავიაკომპანიას სანქციები დაუწესა, მათ შორის იმ კომპანიებს, რომლებიც, ვაშინგტონის შეფასებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ან ქვეყნის სამხედრო სტრუქტურების საქმიანობას უწყობენ ხელს. სანქციები კომპანიებისთვის აშშ-ის ფინანსურ სისტემასთან წვდომისა და ამერიკულ კომპანიებთან ბიზნესურთიერთობების შეზღუდვას ითვალისწინებს.