სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ადგილობრივი კომპანიებისთვის ახალი შეღავათის დაწესება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებების მომზადება მთავრობის 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის განსაზღვრულ კანონშემოქმედებით გეგმაშია გათვალისწინებული.

კერძოდ, მთავრობა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მომზადებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევებში, ტენდერებში ადგილობრივ პრეტენდენტებს ფასობრივი უპირატესობა მიენიჭებათ.

გეგმის მიხედვით, ცვლილება შექმნის სამართლებრივ საფუძველს, რათა საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას სატენდერო წინადადებების შეფასების პროცესში ადგილობრივი კომპანიებისთვის პრიორიტეტული პირობები განისაზღვროს.

სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ბოლო პერიოდში არაერთი ცვლილება განხორციელდა. მათ შორის შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო და დაინერგა ფასების ინდექსაციის ახალი მიდგომა. რეფორმების პარალელურად, მთავრობის წარმომადგენლებსა და ინფრასტრუქტურის სექტორის კომპანიებს შორის არაერთი შეხვედრაც გაიმართა.

ადგილობრივი ბიზნესის შეფასებით, სექტორში განხორციელებული ცვლილებების ნაწილი დადებითია, თუმცა უცხოურ კომპანიებთან კონკურენციის პირობების გასათანაბრებლად დამატებითი მექანიზმების ამოქმედებაა საჭირო.

მათ შორის, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ითხოვდნენ ადგილობრივი კომპანიებისთვის სატენდერო ფასის შეფასებისას გარკვეული შეღავათის დაწესებას, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში გამოყენებულ მიდგომებს ეფუძნება. სწორედ ამ მექანიზმის სამართლებრივი უზრუნველყოფა განიხილება მთავრობის ახალ ინიციატივაში.