საქსტატმა 2025 წლის მაისის წლიური ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში წლიური ინფლაცია 3.5%-ს შეადგენდა. ეს თანხა აპრილთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია. საქსტატის თანახმად, ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა იქონია, სადაც ფასები 8.3%-ით გაიზარდა.
საქართველოში, ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი ცხოვრებისეულ რეალობას ხშირად აცდენილია, მიზეზი კი ის მეთოდოლოგიაა, რომელიც ინფლაციის გამოსათვლელად სკანდინავიურ ქვეყნებში გამოიყენება და მკვეთრად განსხვავდება ქართველი მომხმარებლის ყოფითი რეალობისგან, - ამის შესახებ ეკონომისტმა ირაკლი მურცხვალაძემ “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, პირველადი მოხმარების კალათაზე ფასების მატებას ხელოვნური გაძვირებაც უწყობს ხელს, რაზედაც პასუხისმგებლობა ქსელურ მარკეტებს ეკისრება.
“ჩვენთან ინფლაციის გამოსათვლელად გამოიყენება ის მეთოდოლოგია, რომელსაც სკანდინავიურ ქვეყნებში იყენებენ, თუმცა ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა სკანდინავიური ქვეყნებისგან მკვეთრად განსხვავდება ეს მოდელი გულისხმობს,რომ ადამიანი ყოველდღიურად ყიდულობს ახალ ტექნიკას, ტანსაცმელს და ძვირად ღირებულ ნივთებს, რაც სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქისთვის ფუფუნებაა. ჩვენთან სამომხმარებლო კალათაში უფრო დიდი ოდენობით საკვები პროდუქტები შედის, ვიდრე მაგალითად ტექნიკა ან ავეჯი. როცა ჩვენთან საკვები პროდუქტები ძვირდება, რეალურად ეს უფრო მაღალ ინფლაციაზე მიუთითებს, ვიდრე იმ მეთოდოლოგიით დათვლილი მაჩვენებელი, რასაც საქსტატი გვაწვდის.
მაგალითისთვის, ამ თვეში ყველაზე მეტად ფასები ხილ-ბოსტნეულზე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით გვეუბნებიან, რომ ინფლაციამ 6% შეადგინა, თუმცა რეალურად რომ განვიხილოთ იმ მსყიდველუნარიან მოსახლეობაში, რაც ჩვენ გვყავს, შეიძლება ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელი იყოს. როცა 1 კგ ატამი 22 ლარი ღირს, ეს კატასტროფაა. მე არ მახსოვს, საქართველოში ხილზე ასეთი ფასები, მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ გლეხები ატამს ყრიდნენ, ისეთი იაფი ღირდა. პრობლემურია ისიც, რომ ქალაქში რამდენიმე ქსელური მაღაზიაა, რომელიც ფასებს ფაქტობრივად აკონტროლებს პირველადი მოხმარების პროდუქციაზე; აქ უფრო კარტელური გარიგების პრობლემაა, მომხმარებლამდე მისული პროდუქცია ხელოვნურად ძვირდება“,- აღნიშნა ეკონომისტმა ირაკლი მურცხვალაძემ.