ავტოიმპორტიორებმა განბაჟების გაძვირებასთან დაკავშირებით აქცია გამართეს და ხელისუფლებას შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი აცხადებს, რომ მთავარი მოთხოვნაა მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა. კერძოდ, განბაჟებაზე დაწესებული 4.5 ლარის ნაცვლად, 1.5 ლარის შემოღება.
„ისევ ჩვენ გვესმის სახელმწიფოსი, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ვიზიარებთ მათ პოზიციას და ვითხოვთ, იქნებ 1.5 ლარი გახადონ, რადგან ეს 4.5 ლარი ძალიან დიდი თანხაა. ასე ხაზის გადასმა არ შეიძლება, ძალიან დიდი დარგია, ძალიან დიდი სექტორია, თითქმის 300 ათასი ადამიანია დასაქმებული და ეს ყველაფერი შეეხება თითოეულ მათგანს, მათ ოჯახებს.
როგორც კი განბაჟება 4.5 ლარი გახდება, ამის შემდეგ ავტოიმპორტიორების დაახლოებით 50% დატოვებს ბაზარს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სამსახურების ფუფუნება არ გვაქვს და ამ ადამიანებს ემიგრაციაში წასვლა მოუწევთ. კოვიდის შემდგომი პერიოდის კვლევა ჩავატარეთ და დარგი დაახლოებით 30-40%-მა დატოვა. ამ ადამიანების უმეტესობამ ოჯახებთან ერთად დატოვა ქვეყანა და ემიგრაციაში წავიდა. ანალოგიურად მოხდება ამ შემთხვევაშიც. ასევე, დაზარალდებიან ავტოსერვისებში, მეორად ნაწილებში დასაქმებული ადამიანები გარდა ამისა, როცა უცხოური ვალუტა არ შემოვა, ლარიც ვეღარ დარეგულირდება, გაუფასურდება, რაც თავისთავად, პროდუქტების გაძვირება მოჰყვება. შემდეგ უკვე, რაც არ უნდა სურვილი გვქონდეს, ფასები დავწიოთ, ეკონომიკა, ბიზნესი ასე არ მუშაობს, ბიზნესი ჯაჭვია და შემდეგ სიტუაციის გამოსწორება ვეღარ მოხერხდება“, - აცხადებს ლაშა დარბაისელი.
მისივე თქმით, ავტოპარკის მოძველების მიზეზი სწორედ შეზღუდვები და აკრძალვებია, მორიგი შეზღუდვა და კი დარგს საერთოდ გაანადგურებს. გარდა ამისა, ლაშა დარბაისელი მოითხოვს, პასუხი გაეცეს კითხვას, ტექინსპექტირების შემდეგ რამდენი პროცენტით გაუმჯობესდა ეკოლოგია.
„ერთხელ უკვე გაძვირდა განბაჟება და 50 თეთრის ნაცვლად, გახდა 80 თეთრი. ამას დაემატა ტექინსპექტირება. ასეთი აკრძალვები და შეზღუდვები მოქმედებს, ბუნებრივია. გამოდის, რომ „ცეკას მდივნები“, 5% უნდა მოძრაობდეს ავტომობილით და 95% კი, რომელსაც სარჩენი ჰყავს ოჯახი, შემოსავლის წყაროს ვუსპობთ. იმაზეც კი არ არსებობს პასუხი, ტექინსპექტირების შემდეგ რამდენი პროცენტით გაუმჯობესდა ეკოლოგია“, - აღნიშნავს ლაშა დარბაისელი.