„საიმედო ნამდვილად არაფერია,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა, „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელი ბიზნესისთვის მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, თუმცა, სიტუაცია უარესდება.

„გასული წლის და წლევანდელი მესამე კვარტლები რომ ერთმანეთს შევადაროთ, შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად სტაბილური წელი იყო თუ არ ჩავთვლით დაგეგმილთან შედარებით პერიოდულად 7-8%-იან ვარდნას. პროგნოზი საკმაოდ რთული გასაკეთებელია, რადგან სიტუაცია გლობალურად დამძიმებულია მთელს მსოფლიოში.

რაც შეეხება საქართველოს, ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ამის პარალელურად გარე ინვესტიციები მცირდება.. 2024 წელს, 2023 წელთან მიმართებაში თუ შევხედავთ, დაახლოებით 18.5% იყო კლება. წელს პირველ კვარტალში იყო დაახლოებით 8% კლება წინა წელთან შედარებით, მეორე კვარტალში - 12%, მესამეს ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს… საიმედო ნამდვილად არაფერია. სიტუაცია მხოლოდ უარესდება,“ - განაცხადა ბიზნესმენმა.

მისივე თქმით, ეკონომიკის ზრდას პირველ რიგში მოსახლეობა უნდა გრძნობდეს.

„როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას პირველ რიგში მოსახლეობა უნდა გრძნობდეს, შემოსავალი უნდა ემატებოდეს, არადა ხალხი ღარიბდება, სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის ემიგრაციაში და გვრჩება ეს ციფრები, რომელიც ყველაფრის მიუხედავად ეკონომიკის ზრდაზე მიუთითებს,“ - აღნიშნავს ის.

კითხვაზე, როგორ ემზადება რითეილ სექტორი მომავალი წლისთვის, კახა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ახალი ინვესტიციები გეგმაში არ არის და ცდილობენ, ის პარამეტრები შეინარჩუნონ, რაც წელს აქვთ.

„ახალ ინვესტიციებს არ ვიგეგმებით, ვცდილობთ, რომ ის პარამეტრები შევინარჩუნოთ, რაც წელს გვაქვს, რადგან სიტუაციას პესიმისტურად ვუყურებ. ზოგადად, თუ ბიზნესი გაზრდაზე არ არის ორიენტირებული და შენარჩუნებაზე, ადრე თუ გვიან უკან მიდის. ჩვენთვის შენარჩუნებაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ 1000-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს და საკმაოდ ფრთხილად გავდივართ ამ პერიოდს,“ - განაცხადა მან.

თუმცა, კახა ხაზარაძის თქმით, წინ არის შავი პარასკევის კვირეული და წინასაახალწლო პერიოდი, ამიტომ იმედოვნებს, რომ ეს დრო მათ სასარგებლოდ იმუშავებს.

წყარო: www.bpn.ge