„ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა, BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიმართულებით, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით კვლავ ყველაზე იმპორტდამოკიდებულ სახელმწიფოდ რჩება.

მან სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ მომზადებული ბოლო კვლევები და დარგში არსებული რეალური სურათი შეაფასა. ამასთან, ბეჟიტაშვილის განცხადებით, სტატისტიკური მონაცემები ხშირად არ ასახავს რეალურ პროდუქტიულობას.

ასოციაციის ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველო საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს მაშინაც კი, როდესაც მეზობელი ქვეყნები წარმოებას ზრდიან.

„ჩვენ რეგიონში ყველაზე იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და ჩამოვრჩებით სომხეთსა და აზერბაიჯანს ხილისა და ბოსტნეულის წარმოებაში. იმპორტი ხდება მაშინ, როდესაც წარმოება ნაკლებია. როგორ შეიძლება საქართველოში აზერბაიჯანიდან ვაშლი შემოდიოდეს ან ირანიდან სტაფილო და კომბოსტო? ეს ნორმალური სიტუაცია არ არის“, - აღნიშნა ბეჟიტაშვილმა.

ცნობისთვის, Galt & Taggart-ის სოფლის მეურნეობის კვლევის მიხედვით, საქართველოში ერთ ჰექტარზე ხილის მოსავლიანობა 4.8 ტონას შეადგენს, მაშინ როდესაც რუსეთში პროდუქტიულობა ჰექტარზე 10 ტონაა; უკრაინაში 11; სომხეთში კი 11.4 ტონა; ევროკავშირის საშუალო კი 11.7 ტონას შეადგენს. რაც შეეხება მარცვლოვან კულტურებს საქართველოში ერთ ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობაა 2.8 ტონა; მაშინ როდესაც აზერბაიჯანში 3.4 ტონაა; თურქეთშიც 3.4 ტონა; უკრაინაში 5.1 ტონა; ევროკავშირში კი 5.2 ტონა. ბოსტნეულის შემთხვევაში საქართველოში საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე არის 11.1 ტონა; უკრაინაში 20.5 ტონა; რუსეთში 29.8 ტონა; აზერბაიჯანში 31.1 ტონა; სომხეთში 35.6 ტონა; თურქეთში კი 42.3 ტონა.

ბეჟიტაშვილის გამოთვლით, სტატისტიკურ ფორმულებში (წარმოება + იმპორტი - ექსპორტი) ხუთმილიარდიანი სხვაობა ფიქსირდება, რაც საერთო სურათს ამრუდებს.

ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრა იმ ბარიერებზე, რაც ინვესტორებს მიწის ათვისებაში უშლის ხელს.

„დაახლოებით 200 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე სამჯერ შევიტანე განაცხადი იჯარით აღების მიზნით. სამივე შემთხვევაში მივიღე უარი არგუმენტით, რომ ეს არის საძოვარი, მაშინ როდესაც დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არის სახნავ-სათესი. იწყება ბიუროკრატიული ჯაჭვი, სამინისტრო, გუბერნატორი, გამგებელი და საბოლოოდ პროცესი იბლოკება. შედეგად, მიწები რჩება დაუმუშავებელი.“

ბეჟიტაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობა ისედაც მაღალი რისკის სფეროა და მსგავსი ბიუროკრატიული ბარიერები სექტორს ბიზნესისთვის კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველს ხდის.

ვახტანგ ბეჟიტაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ პიარ-კამპანიების ნაცვლად აქცენტი პრაქტიკოსი სპეციალისტების ჩართულობაზე უნდა გააკეთოს.

„თუ სამინისტროს სჭირდება ბიზნესის დახმარება ან პროფესიონალების ჩართულობა, არ მგონია, ვინმეს პრობლემა ჰქონდეს. თუმცა, პრობლემად ვხედავ იმას, რომ ამ კვლევის პრეზენტაციაზე ჩვენ არ ვიყავით მოწვეულები. შეგვეძლო რეალური მონაცემების მიწოდებაც და პრაქტიკული ანალიზის გაზიარებაც, მაგრამ ეს არ იქნა გათვალისწინებული", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მხოლოდ რეალური პრობლემატიკის დანახვა და ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის გაზრდა დაეხმარება ქვეყანას, რომ „ფული დარჩეს საქართველოში“ და შემცირდეს საგარეო დამოკიდებულება.

ვრცლად: bm.ge