„თვალდახუჭულად ინვესტიციების ჩადების გამო, საქართველოში რძე ძვირია და ფერმერები მაინც კოტრდებიან, როცა ევროპაში გაცილებით იაფია რძე, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელ ფერმერებს გაცილებით მეტი ხარჯი აქვთ“ - მეწარმე ბექა გონაშვილს მიაჩნია, რომ სწორედ ცოდნის დეფიციტი და არასწორი ბიზნესმოდელია ის ორი მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველოში რძის ფერმების დიდი ნაწილი წამგებიანია.

BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა კონკრეტული მაგალითების მოშველიებით იმსჯელა იმ პრობლემებსა და გამოსავლის გზებზე, რომელიც საქართველოში რძის ინდუსტრიაში ინვესტირებას მომგებიანს გახდიდა.

ფერმერი მერძევების დარგის მოდერნიზაცია-განვითარებისთვის სახელმწიფოს მიერ შექმნილ მხარდამჭერ პროგრამებს დადებითად აფასებს, მაგრამ მიაჩნია, რომ საჭიროა ისეთი ცვლილებები, რომელიც საბიუჯეტო სახსრების უფრო ეფექტიან ინვესტირებას შეუწყობს ხელს.

მაგალითად, ბექა გონაშვილს მოსწონს, რომ ბოლო წლებში მეხორცული და მერძეული ფერმებისთვის მხარდამჭერი პროგრამების ფარგლებში კრედიტების თანადაფინანსება გამკაცრდა.

„სესხის აღება ყველასთვის არ შეიძლება. შენ თუ სახნავ-სათესი მიწა არ გაქვს საკუთრებაში ან იჯარით და საკვებს ვერ აწარმოებ, გამორიცხულია, ფერმის წარმატებით მართვა შეძლო“, - ამბობს ის, მაგრამ მეორე მხრივ, თვლის, რომ სახელმწიფოს თანადაფინანსებული კრედიტები უფრო გრძელვადიანი უნდა იყოს.

„თუ კრედიტებს დაასუბსიდირებენ 10 წელი და არა 5 წელი, კარგი იქნებოდა, რადგან სწორედ ბანკში შესატანი ყოველთვიური გადასახადი ახრჩობს ფერმერს, ამიტომ იძულებული ხდება, ძროხა გაყიდოს ან სხვა გზით დაფაროს და ვერ ვითარდება“, - აღნიშნა მეწარმემ.

რაც შეეხება გამოწვევებს, რომელიც ფერმების მენეჯმენტს უკავშირდება, ამ თემაზე საუბრისას ბექა გონაშვილმა რამდენიმე მაგალითი გამოყო.

„საქართველოში სულ 2-3 ფერმაა, რომელიც დღეს მოგებაზე მუშაობს, რაც მათი მფლობელების და სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა. ამ ფერმების პატრონებმა სწორად გამოიყენეს ის საკრედიტო რესურსი, რომელიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით აიღეს - ეს ნიშნავს იმას, რომ საჭიროა სწორი ბიზნესმოდელის შემუშავება და არა მხოლოდ ევროპიდან ან სხვა ქვეყნებიდან ფურების ჩამოყვანა.

მერძეული ფერმებისთვის საკვებ ბაზას დიდი მნიშვნელობა აქვს. გასაგებია, რომ კომბინირებულ საკვებს - ხორბალს, ქერს, სიმინდს, სოიოს შროტს ფერმერი ყიდულობს და მისი ფასი ძირითადად, ბირჟებზეა დამოკიდებული, მაგრამ თივა და სილოსი არის ისეთი პროდუქტი, რომელიც მცხონავი ცხოველების მფლობელებს სჭირდებათ და ფერმერმა თავად უნდა მოიყვანოს, თან ეცადოს, რაც შეიძლება ნაკლები დაუჯდეს. მაგალითად, 1 ჰა-ზე სილოსის მოყვანა 4000-4500 ლარის ფარგლებში ჯდება და თუ 25 ტონა მწვანე მასას მიიღებთ, პროდუქტის თვითღირებულება გამოდის 20 თეთრი, თუ 50 ტონას - 10 თეთრი. ერთი ფური დღეში 30-35 კგ-ს ჭამს. დღეს, საქართველოში სილოსის ბიზნესია - ვიღაცებს მოჰყავთ და 35 თეთრად ყიდიან ფერმერებზე ანუ თავად ფერმერს რომ მოეყვანა, 10 ან 20 დასჭირდებოდა.

ასევე, მეწველი ფური რომ შემოიყვანო საქართველოში, 2000-2500 ევრო ჯდებდა. ძროხის სალაქტაციო პერიოდი წელიწადში 305 დღეა, თუ ჯანმრთელია. შეიძლება, ფურმა პირველ ლაქტაციაზე 6-8 ტონა მოიწველოს, მეორეზე - 10 ტონა. საშუალოდ, ერთი სული მოგიტანთ 3000-დან 4000 ლარამდე საოპერაციო მოგებას წლიურად ანუ 1 ფურს რომ ჩამოიყვანთ ევროპიდან, რომლისთვისაც სესხი აიღეთ, 2 წელიწადში შეგიძლიათ ამოიღოთ, მაგრამ ამის მერე კიდევ 2-3 წელი მოწველით ფურს, რადგან 5-6 ლაქტაციის შემდეგ წველადობა იკლებს“, - ჰყვება ბექა გონაშვილი.

მეწარმემ „წერტილთან“ ინტერვიუში რამდენჯერმე გაუსვა ხაზი გამოცდილი კადრების მნიშვნელობას სოფლის მეურნეობაში სწორი და მომგებიანი ინვესტირებისთვის.

საქართველოში მოქმედებს მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბება და განვითარება შესაბამისი ინვენტარისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით. სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 2020-2024 წლებში ამ პროგრამით 1300-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, ჯამური ინვესტიციით - 70.5 მლნ ლარი, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 51 მლნ ლარი იყო.

bm.ge