რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 120 ტონა ყურძენი; აქედან, 110 ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთული, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი  1500-2000 ტონის ფარგლებშია.

რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე (აღნიშნული ჯიშების ყურძნისგან მზადდება ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარა“).

ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.

რთველი 2025-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

რთველი აქტიურად გრძელდება კახეთის რეგიონშიც სადაც 6 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 214 ათასამდე ტონა ყურძენი.