ახლა აღარ არის თავდასხმები აშშ-დან საქართველოს მიმართ, რისთვისაც მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, მთავარია, რომ ბრძოლა, რომელიც წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის, საბოლოოდ, დასრულდეს ტრამპის ადმინისტრაციის გამარჯვებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება ევროპელ ბიუროკრატებს, ისინი „დიფ სთეითს“ პირდაპირ ჰყავს ჩართული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.
„ადრე ჰყავდათ ჩართული ამერიკული ბიუროკრატიაც, მაგრამ მადლობა ღმერთს, ახლა აღარ არის თავდასხმები აშშ-დან საქართველოს მიმართ, რისთვისაც მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას. მთავარია, რომ ბრძოლა, რომელიც წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის, საბოლოოდ, დასრულდეს ტრამპის ადმინისტრაციის გამარჯვებით. მაგრამ ეს უკვე გამარჯვებაა, ჩვენ ვხედავთ შედეგებს, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ იბრძვის ახალი ადმინისტრაცია და ეს განაპირობებს იმას, რომ შეწყდა თავდასხმები აშშ-დან და ადმინისტრაციიდან საქართველოზე. რაც შეეხება ევროპას, ევროპული ბიუროკრატია ჰყავთ პირდაპირ ჩართული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და საზოგადოება ამას ხედავს. ჩვენს ინტერესებს ვინ ჩივის, ევროპული ბიუროკრატია ჩართული ჰყავს ევროკავშირის და ევროპის მოსახლეობის ობიექტური ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში „დიფ სთეითს“ და საქართველოსთან გასაგებია, რომ დიდი სენტიმენტები ამ ადამიანებს არ აქვთ. ევროკავშირის ეკონომიკა იყო მსოფლიო ეკონომიკაში 30% 2008 წელს და ჩამოსულია 17.5 %-მდე. ამ ბიუროკრატებმა, უცხოელმა აგენტებმა, რომლებიც არიან ჩაბუდებულები „დიფ სთეითის“ სახით ევროკავშირის ბიუროკრატიაში დამართეს ეს ყველაფერი ევროპა. რაც დაგროვდა უწყვეტი მშვიდობის საფუძველზე 1945 წლიდან 2008 წლამდე, როდესაც ევროპაში იყო უწყვეტი მშვიდობა და ამის საფუძველზე დაგროვდა დიდი კეთილდღეობა ევროპის მასშტაბით, თანდათანობით, წლიდან წლამდე აცლიან ევროპის მოსახლეობას. დრამატული ცვლილებაა და ეს თვალნათლივ ჩანს, როდესაც აკვირდები კონკრეტული ქვეყნების ეკონომიკურ ტენდენციებს, განვითარებას და ა.შ. მეორეა - იდენტობა. ევროკავშირის ქვეყნებს უკარგავენ იდენტობას. ერთადერთი, ვინც თავს იცავს ეფექტურად მთელი ამ წლების განმავლობაში არის უნგრეთი, არის ერთი ორი ქვეყანა, რომელიც ასევე რაღაცნაირად ახერხებს საკუთარი იდენტობის დაცვას, იგულისხმება როგორც ეროვნული, ისე რელიგიური იდენტობა. სხვა ქვეყნებში ვიცით სტატისტიკურადაც რა მდგომარეობაა ყველა მიმართულებით. ასეთ პირობებში, ჩვენ ვერ გაგვიკვირდება, რომ, როცა საკუთარი ეროვნული ინტერესები არ ადარდებთ ევროპელ ბიუროკრატებს, მათ მითუმეტეს არ ადარდებთ საქართველოს ეროვნული ინტერესები. ამის გამოძახილია იგივე პრესსპიკერის განცხადება, როცა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში დამხობის მცდელობას და ა.შ. რაც შეეხება ევროკავშირის ელჩს, ბატონ ჰერჩინსკის, ის უხეშად ჩაერია გასული წლის დემოკრატიულ, საპარლამენტო არჩევნებში, როდესაც პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ. ტრაგიკული მდგომარეობაა ევროპულ ბიუროკრატიაში,“- განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს