როგორ უნდა დაიცვას თავი ადგილობრივმა მწარმოებელმა, როცა ბაზარზე უცხოური პროდუქცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად შემოდის? ამ კითხვას კონკურენციის სააგენტოს ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის უფროსი ელენე ცხომელიძე პასუხობს და აღნიშნავს, რომ ანტიდემპინგური ღონისძიებების სისტემა საქართველოში 2021 წლიდან ამოქმედდა.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ელენე ცხომელიძე განმარტავს, ანტიდემპინგური შესწავლა 3 კომპონენტს მოიცავს: პირველი - ეს არის დემპინგის დადგენა, რაც გულისხმობს ექსპორტირებული პროდუქტის ფასის შედარებას თავად ექსპორტიორი ქვეყნის ბაზარზე არსებულ ფასთან. ამის შემდეგ ხდება ზიანის დადგენა, ხოლო მესამე კომპონენტია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებელია ზიანი განპირობებული იყოს დემპინგური იმპორტით და არ იყოს სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადგილობრივ ინდუსტრიაზე.
„პროცედურულად, ანტიდემპინგური წარმოების დაწყების უფლება მხოლოდ განცხადების საფუძველზე გვაქვს, თუმცა დეპარტამენტი და სააგენტო აქტიურად მუშაობს სექტორების შეფასებაზე. ამ სექტორების შეფასების რამდენიმე საფუძველი არსებობს. ერთი არის ადგილობრივი ინდუსტრიის მომართვა, რომ შევისწავლოთ სექტორი და მეორეა ჩვენი ინიციატივა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი კვლევა ჩავატარეთ 2025 წელს. ეს იყო დემპინგური იმპორტის მიმართ მოწყვლადი სექტორების იდენტიფიცირების კვლევა, რომლის ფარგლებშიც 10 სექტორი შევაფასეთ და გამოვყავით დემპინგური იმპორტის ზიანის მიმართ მაღალი, საშუალო და დაბალი მოწყვლადობის ინდუსტრიები.
მსგავსი კვლევები არაერთი მიმართულებით განხორციელებულა, მაგალითად, კვერცხის, სასუქების, ცემენტის მიმართულებები და მთელი ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე“, - აცხადებს ელენე ცხომელიძე.
მისივე განმარტებით, ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების სისტემაში ჩართულია 3 სახელმწიფო სისტემა: კონკურენციის სააგენტო პასუხისმგებელია შესწავლის წარმოებაზე. შესწავლის საფუძველზე დასკვნა ეგზავნება მთავრობას, რომელსაც 30 დღიანი ვადა აქვს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის და თუ მთავრობამ კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაცია მიიღო, ასეთ შემთხვევაში, ტირიფის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი უკვე შემოსავლების სამსახურია.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დადებითი დასკვნის მიუხედავად, მთავრობას უფლება აქვს, უარი თქვას ანტიდემპინგური ღონისძიების გამოყენებაზე და უარის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოებრივი ინტერესი და ის გავლენაა, რომელსაც ტარიფი მომხმარებელზე მოახდენს“, - აღნიშნავს ელენე ცხომელიძე.