საქართველოში, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 171.8 მლნ ლიტრი რძე აწარმოეს, ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. ბოლო მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში წარმოებული რძის მოცულობას მცირედით - 0.2%-ით ჩამორჩება. კერძოდ, 2023 წლის მესამე კვარტალში 172.2 მლნ ლიტრი რძე აწარმოეს.

წელს საქართველომ რძის იმპორტში $11.4 მლნ გადაიხადა, ცხრა თვეში ქვეყანამ 9,893 ტონა რძე და ნაღები იყიდა, რაც 4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მთავარი იმპორტიორი აზერბაიჯანია.

რძის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, კახა კონიაშვილის თქმით, მართალია, რძის წარმოება შემცირდა, თუმცა ეს შესაძლოა რეალურ სურათს არ ასახავდეს, რადგან ქვეყანაში რძის უდიდესი ნაწილი საოჯახო ფერმებში იწარმოება, რაც ოფიციალურ მონაცემებში არ აღირიცხება.

,,საქსტატის მონაცემებს თუ რამდენიმე წლის ჭრილში გადავხედავთ, რძის წარმოების კლებაში გასაკვირი არაფერი არ არის. შეიძლება კონკრეტულ კვარტალში კლება იყოს, შეიძლება, კონკრეტულ კვარტალში ზრდა იყოს.

რძის წარმოება ისეთი დარგი არ არის, რომელსაც დადგენილად და გარანტირებულად მოეთხოვება, რომ დღეს ამდენი უნდა აწარმოოს და ხვალ - იმდენი. მართალია, რომ წლიდან წლამდე რძის წარმოების ზრდა უნდა გვქონდეს და არა კლება. თავად ეს მონაცემებიც საინტერესოა, რადგან მე არ ვიცი, საიდან არის ეს სტატისტიკა წარმოებული. ქვეყანაში რძის უდიდესი ნაწილი საოჯახო ფერმებში იწარმოება, რაც ოფიციალურ მონაცემებში არ აღირიცხება.

საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრი მეწველი საქონელია, რომელთა წველადობაც საშუალო სტატისტიკურადაა გამოყვანილი და არავინ იცის, მაგალითად, უმალოში ერთი კონკრეტული ძროხა რამდენს იწველება. ხშირ შემთხვევაში, საქონლის მეპატრონე ფიზიკური პირია და მათ მიერ გაყიდული რძე ამ ჩანაწერებში არ აღირიცხება“,- თქვა კახა კონიაშვილმა „კომერსანტის დილის“ ეთერში.