"ფასის მდგენელს რომ გავყვეთ, პირველი ფასის მდგენელი არის შესასყიდი ფასი, რომელსაც იმპორტის შემთხვევაში დისტრიბუტორი უცხო ქვეყნიდან ყიდულობს უცხოურ ვალუტაში, ამას მოჰყვება ტრანსპორტირება საქართველომდე, შემდეგ მოჰყვება ვალუტის გაცვლითი კურსი და შემდეგ არის დისტრიბუტორის საოპერაციო მარჟა. მეტ მარჟაზე რომ ჩამოვიდეთ საბოლოო ჯამში პროდუქტის თვითღირებულება საწყობში და დისტრიბუტორის ფასნამატი მარკეტინგული ხარჯის გამოკლებით, ამ შემთხვევაში დაახლოებით მერყეობს 16%-დან 17%-მდე", - ამის შესახებ სადისტრიბუციო კომპანიის "ფუდსერვისი" წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ბურდულმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, "გარე ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს, რადგან პრაქტიკულად ყველა მომწოდებელმა ფასები გააძვირა წლევანდელი იანვრიდან მოყოლებული".

ბურდული ასევე საუბრობს, რა იწვევს საოპერაციო ხარჯების გაზრდას და ამბობს, რომ ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ასევე, ამბობს, რომ ქსელის საბრუნავ კაპიტალს ხშირ შემთხვევაში დისტრიბუცია აფინანსებს.

„პირველი არის სამუშაო კაპიტალი და სამუშაო ძალა, რომელიც წლიდან წლამდე ძვირდება. ხელფასის მატება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ასევე, ლოგისტიკური მიმართულებით - საწვავი. ძირითადი საოპერაციო ხარჯები ეს არის. კონკურენციიდან გამომდინარე განუზომლად ვერ გაიზრდება ფასნამატი იმიტომ, რომ ნებისმიერ ბრენდს ჰყავს თავისი კონკურენტი და თაროზე ფასის მდგენელი ძირითად შემთხვევაში არის კონკურენტული ფასი. 2025 წლის დასაწყისიდან ბოლომდე ჩვენი პროდუქტის ფასი გაიზარდა მაქსიმუმ 2%-ით, ისიც დიდწილად დამოკიდებულია შესასყიდ ფასზე, რომელსაც მწარმოებელი კომპანია უდგენს დისტრიბუტორს. იმპორტის და აღნიშნული ოფიციალური ბრენდების წარმომადგენელი თავის ნებით ვერ ზრდის ფასებს. ყველას ჰყავს თავისი წარმომადგენლობა საქართველოში. დისტრიბუტორს უწესებს ყველა თავის საოპერაციო ხარჯის კომპონენტსაც, მოგების კომპონენტსაც, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ სცდება 3%-ს და კარგ შემთხვევაში არის 5%. ჩვენი კომპანიაც ამ ფარგლებში თამაშობს 3%-დან 5%-მდე "ებიტაჟში“, - აღნიშნავს ბურდული.