ქართული ღვინო ევროპულ ბაზარზე რუსულ ბაზართან შედარებით, დაახლოებით, 20%-ით უფრო მაღალ ფასად იყიდება. ამის შესახებ BM.GE-სთან რაჭაში მდებარე მეღვინეობის Gonadze Vineyards-ის თანადამფუძნებელმა, ზვიად გონაძემ, ექსპორტზე საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანიას ამ ეტაპზე, ღვინო 12 ქვეყანაში გააქვს, საიდანაც ძირითადი მოცულობა ევროპის ბაზრებზე გადის. ამასთან, Gonadze Vineyards-ის ღვინო წარმოდგენილია აშშ-ს ბაზარზეც. გასულ წელს კი, კომპანიამ პირველი საექსპორტო აქტივობა იაპონიისა და კორეის ბაზრებზეც განახორციელა.

როგორც ზვიად გონაძე განმარტავს, კომპანიის გაყიდვებში ექსპორტს მნიშვნელოვანი წილი უკავია. მისი თქმით, საექსპორტო მიმართულება მთლიან რეალიზაციაში 60-70%-ს შეადგენს, ხოლო დანარჩენი ღვინოები ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა ღვინის მაღაზიებსა თუ ქსელურ მარკეტებში იყიდება.

“ჩვენ ექსპორტს 12 ქვეყანაში ვახორციელებთ და გაყიდვებში ძირითადი წილი სწორედ ექსპორტზე მოდის - მისი წილი მთლიან რეალიზაციაში 60-70%-ს შეადგენს. მოთხოვნის მხრივ, კვლავ ნახევრად ტკბილი ღვინოები ლიდერობს. მიუხედავად იმისა, რომ მშრალი ღვინოების მიმართულებითაც ვმუშაობთ. როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ნახევრად ტკბილი ღვინოები ჭარბობს”, - თქვა მეღვინემ.

რაც შეეხება გაყიდვების დინამიკას, გონაძის შეფასებით, 2024 წელი მაღალი ზრდით ხასიათდებოდა , ხოლო 2025 წელს, კომპანიამ მინიმალური ზრდა დააფიქსირა : "2024 წელს, გაყიდვები 40%-ით გაგვეზარდა, ხოლო 2025 წელს ზრდა მხოლოდ 5-6%-ს შეადგენდა. 2026 წელს კი, დიდი ზრდის მოლოდინი არ გვაქვს, ვინაიდან მსოფლიოში ღვინის მოხმარება შემცირებულია", - ამბობს მეღვინეობის თანადამფუძნებელი.

წყარო: bm.ge