კომპანია "ჩაი მამათის" დამფუძნებლის, დირექტორის, კახა ურუშაძის ინფორმაციით, ოზურგეთის ჩაის ევროპულ ბაზარზე სერიოზული პერსპექტივა აქვს.

როგორც მეწარმე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ქართული პროდუქტი თავისი ნაზი არომატითა და განსხვავებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, რაც მას მაგალითად, თურქული, აზერბაიჯანული ჩაისგან განასხვავებს და უცხოელ მომხმარებლებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

"ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში: რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში ქართული ჩაი ყველას ახსოვს. შესაბამისად, ძალიან დიდი პრობლემების გარეშე გარკვეული ნიშის დაკავება შეგვიძლია. კონკრეტულად ოზურგეთის ჩაი გერმანიაში, საფრანგეთში ძალიან აქტიურად იყიდება, სერიოზული პერსპექტივა გვაქვს. ჩვენს ნედლეულს განსხვავებული გემოვნური თვისებები აქვს, თურქული, აზერბაიჯანული პროდუქტისგან გამორჩეული - ქართულ ჩაის უფრო ნაზი არომატი აქვს და თავისი მომხმარებელი ჰყავს", - აცხადებს კახა ურუშაძე.

კომპანიის დამფუძნებელი კონკურენციის საკითხსაც მიმოიხილავს და ხაზს უსვამს, რომ ქართულ ჩაის უცხოურ ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავება მაღალი ხარისხითა და გამორჩეული გემოვნური თვისებებით შეუძლია.

"მოგეხსენებათ უცხოეთში ძალიან დიდი კონკურენციაა და აღნიშნულ გამოწვევას მაღალი ხარისხით, გამორჩეული დიზაინით უნდა შევხვდეთ. ამასთან, აუცილებელი მკვეთრი მარკეტინგული ჩართულობა. სხვათა შორის, ევროპაშიც მაღალი ხარისხის ჩაი ხშირი არ გახლავთ, შესაბამისად, ჩვენი ნიშის დაკავება შეგვიძლია", - აღნიშნავს კახა ურუშაძე.

წარმოების ხელმძღვანელი ექსპორტის მნიშვნელობასაც განიხილავს. მისი თქმით, კომპანიის მთავარი მიზანი - პროდუქციის უცხოეთში გატანაა.

"ამჟამად, პროდუქციის ნიმუშები საბერძნეთში, იტალიაში, აშშ-ში გადავაგზავნეთ, ლაბორატორიამ შეამოწმა და უმაღლესი შეფასება მივიღეთ. პროდუქციის გატანა ევროკავშირის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გვინდა. საექსპორტო ხაზის მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს, თუმცა დამატებით დეტალებს ამ ეტაპზე, ვერ დაგიკონკრეტებთ", - აცხადებს "ჩაი მამათის" დირექტორი.

ასევე, "ჩაი მამათის" დირექტორი უშუალოდ გაყიდვების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პროდუქციის რეალიზაცია გაორმაგდა.

"გაყიდვების რაოდენობა დადებითი დინამიკით მიდის - შარშან "გუდვილში", როდესაც შევედით, დეგუსტაციაც ჩავატარეთ, მომხმარებელს, როგორც ჩანს, პროდუქცია მოეწონა, თუმცა გარკვეული სახის პრობლემაც გვაქვს - მარკეტინგი. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მარკეტინგული ჩართულობა, რომ ჩვენს შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიგოს.

სუფთა პროდუქტს ვაწარმოებთ, რომელსაც არაჯანსაღი დანამატი არ აქვს.  რაც შეეხება ნედლეულს, გარდა ჩვენი ჩაის პლანტაციისა (14 ჰექტარი) ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგანაც ვიძენთ. ბაზარზე "გუდვილში" ვართ წარმოდგენილი, თუმცა გვინდა, რომ გავფართოვდეთ და ქსელური მარკეტები მოვიცვათ. ამ ეტაპზე, მოლაპარაკება "ნიკორასთან", "ფრესკოსთან" მიმდინარეობს. ამასთან, პროდუქციას სოციალური ქსელის მეშვეობითაც ვყიდით", - აცხადებს კახა ურუშაძე.

ცნობისთვის, კომპანია "ჩაი მამათი" ლანჩხუთის რაიონში, სოფელ მამათში  მდებარეობს, პლანტაცია გაშენებული 14 ჰექტარზე აქვს. კომპანია ადგილობრივ ბაზარზე 2 წელია ოპერირებს.

წყარო: ბიზნესპარტნიორი