განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყანაში წლიდან წლამდე 3-დან 5%-მდე იზრდება. 

როგორც მაია მელიქიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, ელექტროენერგიის იმპორტის გამო ქვეყნიდან რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი გადის.

"ენერგეტიკა ძალიან კომპლექსური დარგია. მოდით შევხედოთ იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას - ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე 3-დან 5%-მდე იზრდება. მოხმარებას, სამწუხაროდ, გენერაცია ვერ ეწევა, აღნიშნული საკითხი ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, ამიტომ საიდანღაც ელექტროენერგია უნდა მოვიტანოთ და ეს იმპორტი გახლავთ. იმპორტი ავტომატურად ნიშნავს ქვეყნიდან რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის გასვლას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებების მიღება ძალიან სწრაფად მოხდეს. დარეზერვებულია სიმძლავრეები, რომლის ათვისებაც ვერ ხდება. კერძოდ, ელექტროენერგია, როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტი იწარმოება, შემდეგ მისი გადაცემა, განაწილება და მიწოდება ხდება. სადაც აშენდება ჰიდროელექტროსადგური, თუ ქარის ელექტროსადგური ელექტროენერგიის გამოტანა და ბოლო მიმწოდებლამდე მიტანა უნდა მოხდეს", - აცხადებს სექტორის წარმომადგენელი.

მაია მელიქიძე, ჰიდროენერგიის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში ჰიდროენერგიის ხელშეწყობაა საჭირო.

"რაც შეეხება მზის ენერგიას, ჩვენ არ ვამბობთ, რომ მზის ენერგია ცუდია, მაგრამ ჰიდროს ვერასდროს ჩაანაცვლებს. გვჭირდება ელექტროენერგიის სტრატეგია - კონკრეტული ვადებით და შეფასების ინდიკატორით. ქვეყანაში 26 000 მდინარეა, მაგრამ ყველას გამოყენება, იმისათვის რომ ელექტროენერგიის გენერაცია უზრუნველვყოთ არ შეიძლება, მაგალითად, გარემოსდაცვითი კომპონენტიდან გამომდინარე", - აღნიშნავს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

წყარო: ბიზნესპარტნიორი