დანიური წამლების მწარმოებელი Novo Nordisk-ის საბაზრო ღირებულება ეცემა. შედეგად მან ევროპის უმსხვილესი კომპანიის სტატუსი დაკარგა. Novo Nordisk-ს საბაზრო ღირებულებით ფრანგულმა კონგლომერატმა LVMH-მა გადაუსწრო. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
Novo Nordisk-ის საბაზრო კაპიტალი 355 მილიარდ დოლარამდე დაეცა. LVMH-ის საბაზრო ღირებულება კი 356 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ბაზარზე Novo Nordisk 2023 წლის სექტემბრიდან ლიდერობდა. მას შემდეგ, რაც კომპანიამ სიმსუქნის წინააღმდეგ საბრძოლველად წამალი Wegovy-ის გამოუშვა და მისი აქციების ფასი გაიზარდა. რამდენიმე თვეში Novo Nordisk ბაზარზე მეორე ევროპული კომპანია გახდა, რომლის კაპიტალიც 500 მილიარდ დოლარს გასცდა.
დანიური კომპანიის ღირებულებამ პიკს გასული წლის ივნისში მიაღწია. თუმცა Novo Nordisk-მა საბაზრო კაპიტალის 40% დაკარგა. მიზეზი მიწოდების პრობლემები, წამლების ფასები და სიმსუქნისა და დიაბეტის წამლების ბაზარზე მზარდი კონკურენცია გახდა. 2024 წლის დეკემბერში კომპანიის აქციები ერთ დღეში 20%-ით დაეცა, რაც ექსპერიმენტული წამლის CagriSem-ის სატესტო ვარიანტის წარუმატებლობას უკავშირდება.
Novo Nordisk-ისთვის მორიგი დარტყმა აშშ-ის გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რომლის მიხედვითაც შტატებში შესაძლოა ყველაზე პოპულარულ მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვარი დაწესდეს. მათ შორის არის დანიური კომპანიის ფლაგმანი წამლები Ozempic და Wegovy.
LVMH კი პირიქით აღმასვლას განიცდის, რასაც წინ უძღოდა ათი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული კრიზისი. 2024 წლის მეოთხე კვარტალის შემდეგ ლუქს სეგმენტზე გლობალური მოთხოვნა გაიზარდა, რამაც LVMH-ის აქციების ღირებულების ზრდა გამოიწვია.