ამერიკა დაიბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს, როგორც უდიდესი, უძლიერესი და ყველაზე პატივსაცემი ერი დედამიწაზე, რომელიც შთააგონებს მთელ მსოფლიოს, მოკლე დროში ჩვენ შევცვლით მექსიკის ყურის სახელს ამერიკის ყურედ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, პანამის დაპირება აშშ-ის მიმართ დაირღვა.
„მინდა, ვიყო მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გუშინ, ჩემი თანამდებობის დაკავებამდე ერთი დღით ადრე, მძევლები ახლო აღმოსავლეთიდან ბრუნდებიან სახლში, თავიანთ ოჯახებთან. ამერიკა დაიბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს, როგორც უდიდესი, უძლიერესი და ყველაზე პატივსაცემი ერი დედამიწაზე, რომელიც შთააგონებს მთელ მსოფლიოს. მოკლე დროში ჩვენ შევცვლით მექსიკის ყურის სახელს ამერიკის ყურედ. ჩვენ დავაბრუნებთ დიდი პრეზიდენტის უილიამ მაკკინლის სახელს მაუნტ მაკკინლიზე, სადაც ის უნდა იყოს. პრეზიდენტმა მაკკინლიმ ჩვენი ქვეყანა გაამდიდრა ტარიფებითა და ნიჭით. ის იყო ბუნებრივი ბიზნესმენი და მისცა თედი რუზველტს ფული მრავალი დიდი საქმისთვის, მათ შორის პანამის არხისთვის, რომელიც უგუნურად გადაეცა პანამას მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა დახარჯა უფრო მეტი ფული, ვიდრე ოდესმე დახარჯულა რომელიმე პროექტზე და დაკარგა 38,000 სიცოცხლე პანამის არხის მშენებლობისას.
ჩვენ ძალიან ცუდად მოგვექცნენ ამ უგუნური საჩუქრის გამო, რომელიც არასდროს უნდა გაკეთებულიყო. პანამის დაპირება ჩვენ მიმართ დაირღვა. ჩვენი შეთანხმების მიზანი და ხელშეკრულების სული სრულიად დარღვეულია. ამერიკულ გემებს ზედმეტად ბევრს ახდევინებენ და არ ექცევიან სამართლიანად არანაირი ფორმით, მათ შორის აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტსაც. რაც მთავარია, ჩინეთი მართავს პანამის არხს, და ჩვენ ის ჩინეთისთვის არ მიგვიცია. ჩვენ ის პანამას მივეცით. ჩვენ მას უკან ვიბრუნებთ“, – განაცხადა ტრამპმა.