მსოფლიო ლიდერები დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავენ.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან „აქტიურ და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას“ ელის.
„პრეზიდენტი ტრამპის მიერ გაცხადებული „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ პოლიტიკა ამერიკის ლიდერობის გაძლიერებისა და გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა, რომელიც მთავარი პრიორიტეტია“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, „გლობალური გამოწვევების დასაძლევად ევროკავშირი აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობას ელის“.
„ერთად ჩვენს საზოგადოებებს შეუძლიათ უფრო დიდ კეთილდღეობას მიაღწიონ და ჩვენი საერთო უსაფრთხოება გააძლიერონ. ეს ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მუდმივი ძალაა“, - აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის თქმით, ინდოეთსა და აშშ-ს შორის მჭირდრო თანამშრომლობას მოუთმენლად ელის.
„მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ორივე ქვეყანას სარგებელს მოუტანს და მსოფლიოსთვის უკეთეს მომავალს შექმნის. წარმატებებს გისურვებთ!“, - აცხადებს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი.