შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები შეტანიდან 7 თვის შემდეგ, სამშენებლო სექტორში დასაქმების მსურველი უცხოელები საქმიანობის უფლების მოპოვებისას ხანგრძლივ და რთულ პროცედურას გადიან. GLCC-ის უფროსი იურისტი "საქმის კურსთან" კონკრეტულად დეველოპერულ სექტორში უცხოელთა დასაქმების ბარიერებზე ამახვილებს ყურადღებას. ენრი აბულაძე განმარტავს, რომ საქართველოში დასაქმების მსურველ უცხოელებს ახლა უკვე უწევთ, ნებართვის მოპოვების მიზნით, ქვეყანაში შემოსვლამდე, საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში განაცხადი წინასწარ ჩააბარონ, ეს კი მათი დასაქმების პროცედურებს ორ ან სამ თვემდე ზრდის და დეველოპერებისთვის პროექტების დასრულების ვადებს აჭიანურებს.

„სამშენებლო სექტორში უცხოელთა დასაქმების სირთულეები იმით არის გამოწვეული, რომ კადრები, რომლის მოზიდვაც საზღვარგარეთიდან ხდება, უმეტესად იმ ქვეყნებიდან არიან, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა ხანგრძლივი პერიოდით არ შეუძლიათ. როგორც აღვნიშნეთ, ისინი ვალდებული არიან, მთელი პროცედურები მაშინ დაიწყონ, როცა სანამ საქართველოში შემოვლენ, რაც მინიმუმ 2-3 თვეზე მეტ დროს საჭიროებს. შესაბამისი პროექტების საჭიროებებიდან გამომდინარე დროულად დასაქმებულების მოზიდვა ან სამუშაო ძალის ჩანაცვლება ან საჭიროებისამებრ შევსება ვერ ხერხდება“, - ამბობს bm.ge-სთან საუბარში ენრი აბულაძე, იურიდიული კომპანია GLCC-ის უფროსი იურისტი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმების წესი 2026 წლის 1-ელი მარტიდან შეიცვალა. უცხოელს საქართველოში სამუშაოდ სჭირდება სპეციალური შრომითი საქმიანობის უფლება, შრომითი ხელშეკრულება ან თვითდასაქმების დადასტურება, ასევე შესაბამისი ბინადრობა ან D1 კატეგორიის ვიზა. თუმცა ერთი თვით ადრე მიღებული ცვლილებები "ოცნების" ხელისუფლებამ აპრილში დაჩქარებული წესით გაამარტივა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის ინიციატორთა განმარტებით, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირება, მართვა და აღრიცხვა, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ საჭიროა უფრო დიფერენცირებული მიდგომის დანერგვა შრომითი საქმიანობის ხანგრძლივობისა და სპეციფიკის მიხედვით და გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობების ცალკე სპეციალურ რეჟიმში მოქცევა. კანონის მოქმედება აღარ გავრცელდება არც იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც სახელმწიფო საწარმოებს ემსახურებიან. ამასთან, კანონი აღარ ავალდებულებს შრომითი ნებართვის აღებას პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოს დირექტორებსაც.

წყარო: bm.ge