„ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვა და ამ კუთხით აქტიურად წარიმართებოდა მუშაობა გასული ერთი წლის განმავლობაში. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა ამ კუთხით იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია, რომელიც ჩაიდება ჩვენს ქვეყანაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში“- ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის 1 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, არაბული კომპანია Emaar ქართულ ბაზარზე დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს.

ეკონომისტ პაატა ბაირახტარის შეფასებით, პოლიტიკური არასტაბილურობისა და მაღალი რანგის მინისტრების სანქცირების ფონზე, საეჭვოა, რომ რომელიმე მსხვილი ინვესტორი საქართველოში მსგავსი მასშტაბის ფინანსებს დააბანდებს.

„სანამ საინვესტიციო ხელშეკრულება არ გაფორმდება, მანამდე ყოველგვარი განცხადება და მოსაზრება, სადღეგრძელოს არაფრით არ აღემატება; იქნება ეს არაბული ქვეყნების ინვესტიცია, ჩინურის თუ ევროპულის. მსგავსი განცხადება სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით უკვე მრავალჯერ ვნახეთ, მაგრამ მშენებარე ან დასრულებული საინვესტიციო პროექტი არ მინახავს. საამიროები, ჩინეთი თუ ნებისმიერი აზიური ქვეყნის ინვესტორი ზრუნავს, რომ მისი ინვესტიცია იყოს რენტაბელური და დაცული. როცა ქვეყანაში მთავრობის ყოველი მეორე წევრი სანქცირებულია და ასევე თვეში ერთხელ მაღალი დონის მინისტრები იცვლებიან, ასეთი ქვეყანა არც ერთი ინვესტორისთვის არ არის მიმზიდველი, როგორც მინიმუმ დაცულობის შეგრძნებას არ აჩენს“- აღნიშნა „კომერსანტთან“ პაატა ბაირახტარმა.