თანამედროვე ბაზარზე მომხმარებელს უამრავი ალტერნატივა აქვს, ხოლო მუდმივი სტიმულაცია, განსაკუთრებით ციფრულ სამყაროში, ყურადღების კონცენტრირებას ძალიან ართულებს, ძალიან რთულია პოტენციურ კლიენტს თავი დაამახსოვრო.
სწორედ ამიტომ ბევრმა ბრენდმა ციფრული რეკლამის პარალელურად ფიზიკური გამოცდილების გაძლიერებაზეც დაიწყო მუშაობა — წარმატებულმა კომპანიებმა იციან, რომ დღევანდელ საბაზრო პირობებში ათასი კონკურენტისგან თავის გამოსარჩევად კომპლექსური სტრატეგია უნდა დანერგონ.
პროდუქტის ხარისხთან ერთად, გადამწყვეტი გახდა ის ემოციური კავშირიც, რომელსაც კომპანია მომხმარებელთან ამყარებს — პროცესში კი ერთ-ერთ მთავარ როლს სწორედ პროდუქტის შეფუთვა ასრულებს. შეფუთვა აღარ არის უბრალოდ დამცავი კონტეინერი; ის ბრენდის იდენტობის პირველი გამოვლინება და კომუნიკაციის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც მომხმარებლის აღქმასა და ლოიალობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. სტამბა „სეზანი“ უკვე სამი ათეული წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ამ პროცესების მუდმივი ტრანსფორმაციის მოწმეა.
რამდენიც არ უნდა გვირჩიონ რომ წიგნი ყდით არ შევაფასოთ, ფაქტი ფაქტად რჩება: მომხმარებელი სწორედ შეფუთვაზე დაკვირვებით იწყებს ბრენდის შეფასებას და უკვე შემდეგ, თუ შეფუთვამ მისი თვალი მიიპყრო, ინტერესდება უშუალოდ პროდუქტით. ამიტომ, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეფუთვის დიზაინი, მასალა და კონსტრუქცია ზუსტად ასახავდეს მის ღირებულებებსა და იმ გზავნილს, რომლის მიტანაც აუდიტორიამდე სურს. იდეალური ბრენდული შეფუთვისა თუ სასაჩუქრე ყუთების (ან ჩანთების) შექმნა კომპლექსური პროცესია, რომელიც სტრატეგიულ დაგეგმვასა და პროფესიონალურ შესრულებას მოითხოვს.
შეფუთვის კონსტრუქცია პირველია, რაც მომხმარებელს ბრენდის პოზიციონირებაზე მიუთითებს. პრემიუმ სეგმენტისთვის, როგორც წესი, იქმნება სქელი მუყაოსგან დამზადებული ხისტი, მყარი ყუთები, რომლებიც მაგნიტიანი თავსახურით იხურება. ასეთი შეფუთვა სოლიდურობის, გამძლეობისა და მაღალი ღირებულების ასოციაციას ქმნის. მისი გახსნის პროცესი უკვე ერთგვარი რიტუალი და “ლუქს” გამოცდილების ნაწილია — ეს ზრდის უშუალოდ პროდუქტთან დაკავშირებულ მოლოდინებს; იდეალურია ძვირფასი პროდუქტებისთვის, როგორიცაა საათები, სამკაულები, ნიშური სუნამოები, ან ექსკლუზიური კორპორატიული საჩუქრები.
სრულიად საპირისპირო ამოცანას პასუხობს პრაქტიკული და ეკონომიური დასაკეცი კონსტრუქციის ყუთები. ისინი მსუბუქია, მარტივად იწყობა, მარტივია მათი პერსონალიზება. იდეალურია ონლაინ გაყიდვებისა და რითეილ სექტორისთვის, სადაც მნიშვნელოვანია როგორც ვიზუალური მხარე, ისე ლოგისტიკური მოხერხებულობა და ხარჯების ოპტიმიზაცია.
თუ კონსტრუქცია ვიზუალურ და ფუნქციურ მხარეს განსაზღვრავს, მასალა პირდაპირ ემოციურ კავშირზეა პასუხისმგებელი. შეხებისას მიღებული ტაქტილური შეგრძნება მომხმარებელს ბრენდის შესახებ ქვეცნობიერ გზავნილებს აწვდის. მაგალითად, პრიალა, ლამინირებული ზედაპირი თანამედროვე, დინამიკურ და ენერგიულ იმიჯს ქმნის. ფერები უფრო მკვეთრი და ცოცხალია (ამასთან, ლამინაციას პრაქტიკული დატვირთვაც აქვს — ის შეფუთვას დამატებით იცავს).
ამის საპირისპიროდ, უფრო ღრმა და არისტოკრატულ გზავნილს ატარებს ფაქტურული, არაცარცირებული ქაღალდი. ის ბუნებრიობის, ავთენტურობისა და დახვეწილი ელეგანტურობის შეგრძნებას იწვევს. სტამბა „სეზანში“ ამ ეფექტის მისაღწევად აქტიურად გამოიყენება პრემიუმ კლასის ევროპული მასალები, როგორიცაა „გმუნდის“ (Gmund) ხაზი, რომელიც იდეალურია ორგანული პროდუქტების, ხელნაკეთი ნივთებისა და ლუქს ბრენდებისთვის, რომელთაც მინიმალისტური და ეკომეგობრული იმიჯის შექმნა სურთ.
იდეალური შეფუთვის ერთიანი ფორმულა არ არსებობს — ის ყოველთვის ბრენდის ინდივიდუალურ ხასიათზე, პროდუქტის სპეციფიკასა და სამიზნე აუდიტორიაზეა დამოკიდებული. მთავარია, რომ თითოეული ელემენტი ერთიან, თანმიმდევრულ ისტორიას ჰყვებოდეს. სტამბა „სეზანი“ კლიენტებს არა მხოლოდ უშუალოდ შეფუთვის დამზადებას სთავაზობს, არამედ ეხმარება დიზაინის შექმნაში. გუნდი გაგიწევთ პროფესიონალურ კონსულტაციას როგორც დიზაინის ისე კონსტრუქციის შემუშავებისას, რათა ერთად შექმნათ ზუსტად შეფუთვა, რომელიც ბრენდის ღირებულებებს მომხმარებელს მაქსიმალურად ზუსტად მიაწვდის.