კვერცხზე 2 თეთრით ფასის დაწევა არ არის გარღვევა, მაგრამ მწარმოებლების დღგ-სგან გათავისუფლებით შეიძლება, გარღვევა მართლა მოხდეს, - ამის შესახებ კვერცხის მწარმოებელი კომპანია „დილას“ დირექტორმა გია ლობჟანიძემ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
გია ლობჟანიძე განცხადებით, კვერცხის ფასის შემცირებისთვის მნიშვნელოვანი „გარღვევა“ ქათმის ხორცის და კვერცხის მწარმოებლები კომპანიების დღგ-სგან გათავისუფლება იქნება. მისი თქმით, „დილა“ 20 წელია ბაზარზე ოპერირებს და გაყიდვების 90% მსხვილ ქსელებზე მოდის.
„კვერცხზე 2 თეთრით ფასის დაწევა არ არის გარღვევა. იმ მწირი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს კომპანიას და დარგს აქვს, შემიძლია ვთქვა, რომ პირველ რიგში ყველაზე დიდი რესურსი ეს იქნება კვერცხის და ქათმის შემთხვევაში, სამართლიანობის აღდგენა დღგ-ს ნაწილში - ეს ისტორიული უსამართლობაა. ეს საკითხი არაერთხელ დაგვიყენებია და საკმაოდ არაერთგვაროვანი პასუხები მიგვიღია. მაგრამ ქათმის კვერცხს არ გაათავისუფლებენ დღგ-სგან. ეს ერთ-ერთი ნაბიჯია, რომლითაც შეიძლება გარღვევა მოხდეს“, - განაცხადა გია ლობჟანიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში მოქმედი ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია აქტიურ მუშაობაზე დღეიდან გადადის. კომისიის წევრები დღეს ადგილობრივი ხორცის, რძისა და კვერცხის მწარმოებლებს ხვდებიან.