კურორტი გოდერძი უკვე ჩამოყალიბდა 4 სეზონის კურორტად, გასული წლის პიკურ პერიოდთან - იანვართან შედარებით კი ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგებულია, - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ ეთერში The Article-ს დამფუძნებელმა და Be OneDevelopment გოდერძის პარტნიორმა ავთანდილ აროშიძემ ისაუბრა.

როგორც ავთანდილ აროშიძე განმარტავს, კურორტი გოდერძი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მიმზიდველ კურორტად ყალიბდება სამთო-სათხილამურო და არა მხოლოდ ამ მიმართულებით. მისი თქმით, კურორტის პოპულარობას, პირველ რიგში, განაპირობებს უხვი ნალექი და ზამთრის ყველაზე გრძელი სეზონი, რომელიც დაახლოებით 5-6 თვე გრძელდება. ასევე, სიახლოვე ბათუმთან.

„კურორტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, პირველ რიგში, არის გზა, რომელიც ბათუმის მხრიდან თითქმის მოგვარებულია, მხოლოდ მცირე მონაკვეთია დარჩენილი და თუ წინა წლებში გოდერძიზე მოსახვედრად საჭირო იყო 3.5-5 საათი, წელს ეს დრო შემცირებულია 2 საათამდე, ყველაზე ცუდ ამინდშიც კი ბათუმიდან გოდერძიმდე 3 საათია საჭირო. მთავარი გამოწვევაა გზა თბილისიდან, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და როცა ეს საკითხები მოგვარდება, ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 60%-ით გაიზრდება, რაც ინვესტიციებზეც აისახება. ასევე, გამოვყოფდი კიდევ ერთ გამოწვევას - პოპულარიზაციას - კურორტს მაქსიმალური პოპულარიზაცია სჭირდება ჩვენს მოსახლეობაშიც, მათ შორის, საინვესტიციოდ“, - აცხადებს ავთანდილ აროშიძე.