თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე, „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს - ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს პროკურატურა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ვლადიმერ სტეფანიანი არღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ისე, შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს. უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა.

„აღნიშნული გზით, შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფმა“ - 1 894 925 ლარის შემოსავალი მიიღო. მიღებული თანხებისათვის კანონიერი სახის მისაცემად, ბრალდებულმა თანხის ნაწილი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფი“-ს საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ხოლო ნაწილი პირად საკუთრებაში გადაიტანა, რის შემდგომაც საწარმოს, თავისი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ/მოძრავი ქონებები შეიძინა.

დაკავებულს ბრალდება უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ პროკურატურაში.

წყარო:interpressnews.ge