ბიზნესის გარემო იმდენად სწრაფად იცვლება, რომ მხოლოდ განვითარება საკმარისი აღარ არის - ზოგიერთ კომპანიას გადარჩენისა და წარმატებისთვის სჭირდება, რომ საკუთარი თავი სრულად ახლებურად შექმნას.

გიყვებით ისტორიებს ბრენდებზე, რომლებმაც ძველი მოდელი გადააგდეს, რადიკალურად შეცვალეს სტრატეგია, პროდუქტი ან მიზანი და ბაზარზე სრულიად ახალი იდენტობით დაბრუნდნენ. მათი მაგალითები ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება, კრიზისი შესაძლებლობად გადაიქცეს და რატომ ხდება სრულფასოვანი ტრანსფორმაცია ყველაზე გაბედული, თუმცა ხშირად ყველაზე მოგებიანი გადაწყვეტილება.

LG

მაგალითად, კორეულმა მეგაკორპორაცია LG-მ საქმიანობა 1947 წელს დაიწყო სახელით - Lucky Chemical. კომპანიის პირველი ჰიტი სახის პოპულარული კრემი იყო, რომელიც კორეაშიც კი ინოვაციად ითვლებოდა. სულ რაღაც 10 წლის შემდეგ, 1958 წელს, Lucky Chemical სილამაზისა და ჯანმრთელობის ინდუსტრიას მთლიანად ჩამოშორდა და ტექნიკის სამყაროში შეაბიჯა “Goldstar”-ის ბრენდით. სწორედ ამ სახელით შეიქმნა კორეაში პირველი შავ-თეთრი ტელევიზორი, მაცივარი, კონდიციონერი, სარეცხის მანქანა, მოგვიანებით, ფერადი ტელევიზორი თუ სხვა. 1983 წელს კომპანიას ოფიციალურად ეწოდა “Lucky Goldstar”, შემოკლებით LG. დღეს ჰოლდინგური კომპანია 19 შვილობილს აერთიანებს და ტექნიკის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური პოზიცია უჭირავს, $10 მილიარდიანი კაპიტალიზაციით.

Berkshire Hathaway

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსით, უორენ ბაფეტი მსოფლიოს უმდიდრეს ბიზნესმენთა ათეულში რჩება, რაც მისი ჰოლდინგური კომპანია Berkshire Hathaway-ის მეშვეობით, მთელი ცხოვრების განმავლობაში განხორციელებული, გონივრული ინვესტიციებით არის განპირობებული. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ “ომაჰას ორაკულმა” 1927 წელს საქმიანობა მასაჩუსეტსის შტატიდან, ტექსტილის ქარხნიდან დაიწყო. 1955 წელს Hathaway Manufacturing-ი Berkshire Fine Spinning Associates-ს შეუერთდა და Berkshire Hathaway ჩამოყალიბდა: ქსოვილების ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო ქვეყანაში. თუმცა 1960-იანი წლებიდან ტექსტილის ინდუსტრიამ შემცირება დაიწყო, ბაფეტმა კი კომპანიის აქციების იაფად ყიდვა და მათი ძვირად გაყიდვა გადაწყვიტა. 1965 წლისთვის კი ბაფეტი ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი გახდა ფირმისა, რომელიც ქსოვილს აწარმოებდა. კომპანიამ წარმოების ეს ხაზი 1985 წლიდან გააჩერა და სახელი საინვესტიციო პორტფელით გაითქვა. დღეს ის $1 ტრილიონზე მეტადაა შეფასებული.

Shell

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია Shell-ის ისტორია კი ლონდონში, ანტიკვარიატის მაღაზიიდან იწყება. 1830-იან წლებში მარკუს სამუელმა ანტიკვარული და საკოლექციო ნივთების, მათ შორის აღმოსავლური ქვეყნებიდან იმპორტული დეკორაციული ნიჟარების გაყიდვა დაიწყო. მოგვიანებით საოჯახო ბიზნესი გაფართოვდა და აზიიდან ბრინჯის, აბრეშუმისა და სპილენძის ნაკეთობების იმპორტზეც გადავიდა. თუმცა ნავთობ ინდუსტრიის გლობალური ბუმის ფონზე, სამუელების ოჯახმა 1892 წელს, სუეცის არხში გადაადგილებისთვის, მსოფლიოში პირველი მოცულობითი ნავთობტანკერი ააშენეს, რამაც ევროპიდან ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვნად გააადვილა. 1987 წელს კი კომპანიას Shell Transport and Trading Company დაერქვა. ნავთობკომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $165 მილიარდი დოლარია.

Nokia

ფინელმა სამთო ინჟინერმა 1871 წელს ქალაქ ნოკიაში ქაღალდის საწარმო გახსნა და Nokia Ab უწოდა. თითქმის 30 წლის შემდეგ კი ქაღალდის ქარხნის, რეზინის საბურავებისა და კაბელების მწარმოებელი სამი კომპანიის პარტნიორობით Nokia Corporation შეიქმნა, რომელმაც სახელი რეზინის ჩექმებით გაითქვა. კომპანიამ ტექნიკის წარმოება 1960-იანი წლებიდან დაიწყო, 1970-იანი წლებისთვის კი მსოფლიოში პირველი კომერციული რადიოტელეფონი გამოუშვა. 90-იან წლებში კორპორაციამ რეზინისა და ქაღალდის დივიზიები გაყიდა და მობილურ ტელეფონებზე გადაერთო, 1998-დან 2012 წლამდე კი არც ერთ კომპანიას არ გაუყიდია იმდენი მობილური, რამდენიც - Nokia-მ. მართალია, სმარტფონების ბაზარზე კომპანია კონკურენტებმა დაჩრდილეს, თუმცა Nokia პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის ბიზნესში რჩება და $32 მილიარდად არის შეფასებული.

Nintendo

Nintendo-ს კონსოლების შექმნამდე, 1890-იანი წლების დამდეგს, ფუსაჯირო იამაუჩიმ სათამაშო ბანქოს დასტების წარმოება დაიწყო. შეზღუდული ბაზრის გამო, იამაუჩიმ ბედი სხვა მიმართულებითაც სცადა, ჩამოაყალიბა ტაქსის გამოძახების კომპანია, გახსნა სასტუმრო და სათამაშოების წარმოებაშიც შევიდა. 1977 წელს კომპანიამ პირველი კონსოლი გამოუშვა, სამი წლის შემდეგ კი მსოფლიო ნინტენდოს Donkey Kong-მა აალაპარაკა, რასაც სუპერ მარიოს გლობალური წარმატება მოჰყვა. ფუსაჯირო იამაუჩის მიერ დაწყებული ვიდეო თამაშების იმპერიის მასშტაბები დღეს განუსაზღვრელია. კომპანიის კაპიტალიზაცია კი $100 მილიარდს აღემატება.

Western Union

1844 წელს, როდესაც შორ მანძილზე კომუნიკაცია პირველად შედგა და პირველი ტელეგრამი გაიგზავნა, ბიზნესმა სატელეგრაფო კავშირგაბმულობიდან რაც შეიძლება მაღალი შემოსავლის მიღება მოინდომა. იმავე მიზეზით შეიქმნა Western Union-იც, რომლის მეშვეობითაც, მხოლოდ 1929 წელს, 200 მილიონზე მეტი ტელეგრამი გაიგზავნა. სატელეფონო სერვისებისა და, მოგვიანებით ინტერნეტის გაჩენის გამო, კომუნიკაციის ეს ფორმა თითქმის გაქრა. 1871 წლიდან კი Western Union-ი ფულადი გზავნილების ბიზნესზე გადაეწყო. ამ მიმართულებით დღეს ის უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც 200-ზე მეტ ქვეყანაში, 600 ათასზე მეტი თანამშრომლით ოპერირებს და თითქმის $3 მილიარდადაა შეფასებული.

National Geographic

National Geographic-ის პირველი ჟურნალი 1888 წელს დაიბეჭდა, პირველი ფერადი გამოცემა კი მკითხველმა 1914 წელს იხილა. ყვითელყდიანი ჟურნალი ამერიკულ ოჯახებში სამაგიდო წიგნად თაობათა ცვლის მიუხედავადაც რჩებოდა, ვიდრე, 1990-იან წლებში, კომპანიამ ყოველთვიური გამოწერის სერვისი არ შემოიღო და ახალგაზრდა სეგმენტი არ დაკარგა. National Geographic-ის დირექტორმა მთელი თავისი ძალისხმევა კომპანიის ტრანსფორმაციასა და ყველა მედიაპლატფორმაზე მორგებაში ჩადო. ასე გაჩნდა სატელევიზიო არხიც 2001 წელს. დღეს National Geographic-ი Disney-ს ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო ბრენდის ტიტულსაც ატარებს. სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით, National Geographic-ის მასალებს ყოველთვიურად 730 ადამიანი ეცნობა.

American Express

1840-იან წლებში. კალიფორნიის შტატში ოქროს აღმოჩენის შემდეგ, კომპანიებმა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ტვირთების გადაზიდვის კაპიტალიზაცია გადაწყვიტეს. 1850 წელს ნიუ-იორკიდან კალიფორნიამდე ძვირფასი ნივთების გადაზიდვა კი საკუთარ თავზე American Express-მა აიღო. პირველი ფინანსური პროდუქტი კომპანიამ მოგვიანებით, 1882 წელს შექმნა, საფოსტო ფულადი გზავნილის სახით. მეოცე საუკუნის დამდეგს კი American Express-ი გლობალურ ასპარეზზე გავიდა და ევროპაში ვალუტის გადამცვლელი პუნქტები გახსნა. ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია კომპანიამ 1958 წელს, საბარათე ბიზნესში შესვლით განიცადა. 2025 წლის მონაცემებით, კორპორაციულ და სამოგზაურო დანახარჯებში AmEx-ის გლობალური წილი 42%-ია, თავად კომპანია კი $251 მილიარდადაა შეფასებული.

IBM

1984 წლისთვის პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე IBM-ის ბრენდი მზარდი პოპულარობით სარგებლობდა. კომპანიის წარმატება კი იმან განაპირობა, რომ კონკურენტი Apple-ისგან განსხვავებით, ibm-ი არ ცდილობდა, ყველაფერი თვითონ გაეკეთებინა. პირიქით, კომპიუტერში Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფა იყო ჩაშენებული და ფიზიკური ნაწილებიც უფრო მცირე მეწარმეებისგან იყო ნაყიდი. ირონიულია, რომ იმან, რაც IBM-ს 1980-იან წლებში გამოარჩევდა, სულ რაღაც 10 წლის შემდეგ, კომპანია თითქმის გააქრო. ბაზარი კონკურენტებმა უფრო იაფი კომპიუტერებით აითვისეს, IBM-ს კი სხვა არჩევანი აღარ დარჩა, გარდა ინოვაციისა. ასე გადაეწყო კომპანია ბიზნესებისთვის IT მომსახურების გაწევაზე და სექტორის ლიდერადაც იქცა, 200-ზე მეტი პარტნიორი კომპანიით და $285 მილიარდიანი კაპიტალიზაციით.

Apple

როცა ბიზნესის ხელახლა შექმნაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ Apple-ი, რომლის გამოგონებებმაც ციფრულ ინდუსტრიაში გარღვევა მხოლოდ უკვე არსებული პროდუქტის დახვეწით შეძლეს. სტივ ჯობსს არც კომპიუტერი გამოუგონია და არც ლეპტოპი, თუმცა Macintosh-მაც, და, მოგვიანებით, MacBook-მაც, უნიკალური დიზაინისა და მოხერხებული სისტემების წყალობით, მომხმარებლის გონებაში ვაშლის ფორმის ლოგო სამუდამოდ დალექეს. Apple-ის ტრანსფორმაცია იმ პერიოდს უკავშირდება, როცა კომპანიამ ფოკუსი კომპიუტერებიდან პატარა, ხელში დასაჭერ მოწყობილობებზე, iPod-ებსა და iPhone-ბზე გადაიტანა და გაჯეტების ინდუსტრიის რევოლუცია მოახდინა. Apple-მა ყველა თავის დიზაინს - სენსორულ ეკრანს, მსუბუქ კორპუსს, ძლიერ პროცესორებსა და ბატარეებს თავი iPad-ში მოუყარა და 1990-იანი წლებიდან პლანშეტურ კომპიუტერებს ახალი სიცოცხლე შესძინა. ასე გადაეწყო კომპანია მცირე გაჯეტების წარმოებაზე, გააფართოვა პროდუქტების ხაზები და ააშენა $4 ტრილიონ დოლარად შეფასებული, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული იმპერია.

bm.ge