ვალენსიაში ქართულ რესტორან Batumi-ით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც იქ ქართული კერძების დასაგემოვნებლად საფეხბურთო კლუბ „ლევანტეს“ ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი და, საქართველოში უკვე პოპულარული, „ლევანტეს“ Facebook-ის ადმინი ხავი იმყოფებოდნენ.

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას, რესტორან Batumi-ის დამფუძნებელი თეიმურაზ ჭკადუა ამბობს, მოთხოვნიდან გამომდინარე, წელს ქსელი გააფართოვეს, მეორე რესტორანი გახსნეს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართული სამზარეულოს და რესტორან Batumi-ის მიმართ ესპანელებისა და ტურისტების დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდა. სამომავლოდ კი, ახალი ფილიალი, შესაძლოა, მადრიდში, ან ბარსელონაში გახსნან.

ვალენსიაში ქართული რესტორნის მფლობელს Batumi-ის შექმნის, გაფართოების, მენიუს, სტუმრების, გეგმებისა და, რა თქმა უნდა, გიორგი ქოჩორაშვილისა და „ლევანტეს“ ადმინის სტუმრობაზეც დავუსვით კითხვები.

რამდენი ხანია სევილიაში ცხოვრობთ და როდის გახსენით პირველი რესტორანი?

თეიმურაზ ჭკადუა, რესტორან Batumi-ის დამფუძნებელი: სოხუმში ვარ დაბადებული. ოჯახით 2 წლის წინ ესპანეთში გადმოვედი. ახლომახლო ვალენსიასთან  ქართული რესტორანი არ იყო და ერთი წლის წინ, პირადი ინვესტიციით, აქაურებთან ერთან, ქართული რესტორანი გავხსენი. რესტორანს „ბათუმი“ დავარქვი.

რატომ „ბათუმი“?

თავიდან „სოხუმი“ მინდოდა დამერქმია იმიტომ, რომ სოხუმელი ვარ; მერე „თბილისი“ იმიტომ, რომ დედაქალაქია. მაგრამ ამათ უჭირთ ქართული სიტყვების წარმოთქმა და რესტორნის სახელწოდებისთვის 10 ვარიანტი რომ ჩამოვწერე, „ბათუმი“ ყველაზე იოლად თქვეს ესპანელებმა. „არგოც“ მინდოდა დამერქმია, მაგრამ ეს სიტყვა, საერთოდ ვერ წარმოთქვეს.

ვისი იდეა იყო გიორგი ქოჩორაშვილის და „ლევანტეს“ ადმინის თქვენთან სტუმრობა?

რესტორანი ვალენსიაში სტადიონთან ახლოს მესტაიას რაიონში მდებარეობს. ჩვენთან გიორგი მამარდაშვილიც ხშირად დადიოდა თავის საცოლესთან და მეგობრებთან. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ესპანელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ მამარდაშვილის და ქოჩორაშვილის თამაშს და ჩვენი რესტორანი კიდევ უფრო პოპულარული გახდა. ადგილობრივებმა უფრო ხშირად დაიწყეს ჩვენთან სიარული და უფრო მეტად დაინტერესდნენ ქართული სამზარეულოთი და ქართული კერძებით. ამის შემდეგ, იდეა მოგვივიდა, რომ „ლევანტესთან“ კოლაბორაცია გაგვეკეთებინა და ქოჩორაშვილი და „ლევანტეს“ ადმინი - ხავი ჩვენს რესტორანში მოგვეწვია. ჩემი ესპანელი მეგობრები დაუკავშირდნენ კლუბს და კოლაბორაცია შედგა. 

„ლევანტეს“ ადმინს მოეწონა ქართული სამზარეულო?

ხავი და ქოჩორა რომ გვესტუმრნენ, თითქმის მთელი მენიუ გვქონდა, სამზარეულოშიც შევიყვანეთ, ვაჩვენეთ რას როგორ ვამზადებთ. შეფი ქართველი გვყავს - გივი წამალაშვილი, საქართველოში დაბადებულია, მაგრამ უკრაინაში ცხოვრობდა ბოლო დროს. მისი გაკეთებული იყო ყველაფერი. ხავის აუხსნეს, სწორად როგორ შეეჭამა ხინკალი - არავითარი ჩანგალი და დანა, მარტო ხელით. ხავის ქართული კერძები მოეწონა, ზუსტად რომ გადავთარგმნო - „ამაზე გემრიელი საჭმელი შეიძლება არც მიჭამიაო“, - ასე გვითხრა.

როგორია თქვენი მენიუ და რაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

მხოლოდ ქართული სამზარეულო გვაქვს, ყველაზე დიდი მოთხოვნა, არ გაგიკვირდებათ - ხინკალზე და ხაჭაპურზეა. ყველაფერი გვაქვს - საცივი, ლობიო, ფხლები და ა.შ.

ქართული ღვინის კომპანიასთან მინდოდა დაკავშირება, რადგან ცოტა გვაკლია აქ ქართული ღვინოები. ახლა გერმანიიდან ჩამოგვაქვს ქართული ღვინოები. ნატახტარის ლიმონათი და ლაღიძის წყალიც გვაქვს ხოლმე. ქართული, რაც შეგვიძლია ვიშოვოთ, ყველაფერი გვაქვს.

ვინ არიან თქვენი სტუმრები, ქართველი ემიგრანტები, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, თუ ესპანელები?

ქართველები, რუსები, უკრაინელები, სომხები - მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხი მოდის, ყველა, ვინც იცნობს ქართულ სამზარეულოს. ესპანელები, თავიდან ეჩვეოდნენ, ახლა პროცენტულად 50/50-ზეა. ისინი ძირითადად უფრო ახლომახლო რესტორნებში დადიან, იშვიათად, რომ ერთი რაიონიდან მეორე რაიონის რესტორანში წავიდნენ, მაგრამ ჩვენთან მოდიან.

მეორე რესტორანი რატომ გავხსენით? იმიტომ, რომ იყო ამაზე მოთხოვნა. ადგილები აღარ გვყოფნიდა, პარასკევი, შაბათი, კვირა ძალიან დატვირთულები ვიყავით, დილიდან საღამომდე ხალხი გვყავდა. მეორე რესტორნის გახსნის შემდეგ, ეს პრობლემა მოიხსნა. რიგები აღარ არის, ყველას ყოფნის ადგილი და ნორმალურ რეჟიმში ვმუშაობთ.

რა გეგმები გაქვთ, მესამე რესტორნის გახსნას ხომ არ აპირებთ?

ვფიქრობ, რომ ვალენსიაში მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და აღარ არის საჭირო მესამე რესტორანი. სამომავლოდ შესაძლოა მადრიდში ან ბარსელონაში გავხსნათ. როდის იქნება ვერ გეტყვით. აქ ადგილობრივ კანონებს უნდა მოერგო და ნებართვებისა და ლიცენზიების აღებას-გაფორმებას დიდი დრო სჭირდება.