სამედიცინო ველნეს კურორტ "ბიოლმა" ველნეს ინსტიტუტის პროექტი დააპაუზა. როგორც კურორტის მფლობელმა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თამაზ მჭედლიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე "ბიოლმა" აღნიშნულ პროექტისთვის პარტნიორი ვერ მოიძია.

მისივე ინფორმაციით, ველნეს ინსტიტუტის შექმნა ძალიან აქტუალურია, რადგან ინდუსტრიის განვითარება მის გარეშე შეუძლებელია.

"პროექტი თავის დროს ელოდება. ველნეს სფეროში კადრები საერთოდ არ არის და ჩვენ საკადრო ბაზას ნულიდან ვქმნით. წლების განმავლობაში ჩვენ თვითონ ვამზადებთ კადრებს და შეიძლება ითქვას, რომ დე ფაქტო ინსტიტუტი გვაქვს.

აღნიშნული პროექტით დაინტერესებულები არიან და ჩვენ მათ ძალების გაერთიანებას ვთავაზობთ. აღნიშნული პროექტის განხორციელება მათი აკადემიური, სამედიცინო ბაზის და ველნესის მიმართულებით, ჩვენი პრაქტიკის გამოყენებით აბსოლუტურად შესაძლებელია. ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნა იქნება. ჩვენს მიერ მომზადებული ველნეს თერაპევტები და სფეროს სპეციალისტები მთელ მსოფლიოში კონკურენტულები და მოთხოვნადები იქნებიან.

დუბაიში, აღნიშნულ პროექტში თანაინვესტორის შესარჩევად საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა. დაინტერესება ძალიან დიდი იყო, თუმცა მათთვის პრობლემა იყო ის, რომ პროექტი საქართველოში უნდა განხორციელებულიყო.

ჯერჯერობით საქართველოს ვერ აღიქვავენ ველნეს ინდუსტრიის და განსაკუთრებით, "ლაქშერის" თვალსაზრისით. ამიტომ გადავწყვიტე მე თვითონ შევქმნა უმაღლესი დონის ეს ინდუსტრია საქართველოში, რომ ნიმუში იყოს და თავიანთი თვალით ნახონ რა შესაძლებლობაა საქართველოში. წინაპირობა იდეალური გვაქვს და ამიტომ, მათ შორის, დედაქალაქის თავზე ვძერწავ მსოფლიო დონის კურორტს, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდება - ქართული ველნესი, როგორც ბრილიანტი მსოფლიო ველნეს ინდუსტრიაში. მაგრამ ამ ყველაფერში დრო და თანხები მჭირდება, ამიტომ ყველა ჩემს შემოსავლებს მხოლოდ აქ ვდებ და ამ ყველაფერს ნელ-ნელა ვძერწავ", - აცხადებს თამაზ მჭედლიძე.

შეგახსენებთ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თამაზ მჭედლიძემ შპს "მედგრუპ ჯორჯიას" კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტ "ბიოლის" მშენებლობა კოჯორში 2012 წელს დაიწყო. ჯამში კურორტის ფართობი 32 ჰექტარია.

კომპანიის მიზანია საქართველოში ველნეს ინდუსტრიის განვითარება და როგორც პრემიუმ კლასის, სამედიცინო კურორტის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე. თამაზ მჭედლიძე რუსეთში კლინიკების ქსელი "მედის" მფლობელიცაა.

bp.ge