2025 წელს რეპროდუქტიული მედიცინის მიმართულებით მოქმედ სამ კლინიკას შორის ყველაზე მაღალი შემოსავალი GGRC-ს ჰქონდა, 32.2 მლნ ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 42.5%-იანი ზრდაა. მეორე ადგილზეა Leadermed 23.1 მლნ ლარის შემოსავლით, თუმცა კომპანიამ წლიური შემოსავალი 9.4%-ით შეამცირა. Innova In Vitro-ს შემოსავალმა კი 19.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 36.1%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. 

მონაცემები finSPOT-ის ანალიზს ეფუძნება, რომელიც კომპანიების საჯარო ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზეა მომზადებული.

მოგებიანობის თვალსაზრისით, ყველაზე მაღალი შედეგი Innova In Vitro-მ აჩვენა. კომპანიამ 6.6 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც შემოსავლის 34.3%-ს შეადგენს. თითქმის იმავე ოდენობის კორექტირებული EBITDA, 6.8 მლნ ლარი დააფიქსირა Leadermed-მაც, თუმცა მისი წმინდა მოგება 6.4 მლნ ლარი იყო. GGRC-ის წმინდა მოგებამ კი 2.8 მლნ ლარი შეადგინა.

კორექტირებული EBITDA-ის მარჟითაც Innova In Vitro ლიდერობს — 35.3%. Leadermed-ის მაჩვენებელი 29.4%-ია, ხოლო GGRC-ის 19.8%. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ შედარებით ნაკლები შემოსავლის მიუხედავად, Innova In Vitro-სა და Leadermed-ს შემოსავლების მოგებად გარდაქმნის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ.

აქტივების მოცულობით პირველ ადგილზე Leadermed-ია — 32.4 მლნ ლარით, შემდეგ მოდის GGRC 23.2 მლნ ლარით, ხოლო Innova In Vitro-ს აქტივები 6 მლნ ლარს შეადგენს. ვალის შესახებ მონაცემი მხოლოდ GGRC-სთვის არის წარმოდგენილი: 11.5 მლნ ლარი, რაც მისი აქტივების 49.4%-ია.