ისრაელსა და ირანს შორის საჰაერო დარტყმების მე-12 დღეს, ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტა ოფიციალურად გამოაცხადა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან, ზუსტად 3.5 საათში ირანმა რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით, რის საპასუხოდაც, ისრაელის საჰაერო ძალებმა, თეირანის ჩრდილოეთით, რადიოლოკაციურ სადგურს დაარტყეს.
ისრაელის 12 -დღიანმა დარტყმებმა მიწის ზედა ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე და აშშ-ს გამანადგურებელმა დარტყმამ მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტებზე, კრიტიკულად დააზიანა და მწყობრიდან გამოიყვანა ირანის ბირთვული პროგრამა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანი ბირთვულ პროგრამას ვერასდროს ვეღარ აღადგენს.
კონფლიქტის პოტენციური გამწვავების საფრთხის მიუხედავად, ამჟამად ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება შედარებით დასტაბილურებულია.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ესკალაცია საქართველოს ეკონომიკაზე, როგორც გლობალური სისტემის ნაწილზე, ირიბად და პირდაპირ აისახება.
2024 წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში ისრაელი მეოთხე ადგილს იკავებს. გასულ წელს ისრაელიდან საქართველოში 310 982 ვიზიტი შესრულდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 43.3%-ით აღემატება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი 80 896 ვიზიტი დაფიქსირდა.
გარდა ტურიზმისა, 2025 წელს ისრაელი საქართველოსთვის მე-9 უმსხვილესი ინვესტორის ქვეყანაა.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე “კომერსანტთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მიუხედავად შესაძლო მოკლევადიანი წყვეტისა, რაც ისრაელში საჰაერო სივრცის ჩაკეტვით იყო გამოწვეული, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოსა და ისრაელს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით.
,,ნებისმიერი სამხედრო მოქმედება რეგიონში, ბუნებრივია, აისახება ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ექნება თუ არა ირანის ტერორისტული ზრახვების წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად თავისუფალი იქნება რეგიონი მსგავსი ტერორისტული საფრთხეებისგან.
სავარაუდოდ, ისრაელიდან ტურიზმზე საქართველოში მოკლევადიან პერსპექტივაში ეს უარყოფითად აისახება, თუმცა დინამიკა, როგორც იცით, მზარდია და ჩვენ გვჯეროდა მაშინაც, როცა 1999 წელს ორივე მთავრობასთან თანამშრომლობით ბიზნესპალატის ეგიდით საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია დავიწყეთ.
გვჯეროდა, რომ ისრაელიდან ტურისტების შემოდინება 500 000-ს მიაღწევდა და დღეს უკვე ძალიან ახლოს ვართ ამასთან.
იმის მიუხედავად, რომ ბოლო 7 წელია, სხვადასხვა კრიზისის გამო მსოფლიო ეკონომიკაში მეტ-ნაკლებად სტაგნაციაა, არსებობს პოტენციალი საქართველოსა და ისრაელის ეკონომიკის სამინისტროებისა და დედაქალაქის მერიების აქტიური ჩართულობით კიდევ უფრო წინ წავწიოთ ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ, საქართველო- ისრაელის ბიზნესპალატა ყოველთვის მზად ვიყავით აქტიური მონაწილეობა მიგვეღო ამ პროცესში.
2018 წელს საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობის დაწყების ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ ჩვენ ვიყავით. ვინაიდან ვხედავთ, რომ რეალურად მომავალი წლიდან დაიწყება პროგრესი, უკვე ვემზადებით და დავგეგმეთ ბიზნესფორუმი, რომ 2026 წლიდან დავიწყოთ აღმავლობა“,- აღნიშნა იციკ მოშემ.
მისივე თქმით, ნებისმიერი რეგიონული კონფლიქტი უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკის ყველა სექტორზე, რის გამოც გარდამავალ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატაში მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე საჭიროა როგორც ინვესტორებთან პირდაპირი კომუნიკაცია, ისე საბანკო სისტემისგან დაბალი საპროცენტო პოლიტიკის მხარდაჭერა, რათა ინვესტიციების დაბალანსება მოხდეს.
„ნებისმიერი კონფლიქტი უარყოფითად მოქმედებს ყველა სექტორზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯაჭვი არ გაწყდეს, ამიტომ ასეთ გარდამავალ პერიოდში აუცილებელია მთავრობების ჩართულობა ინვესტორებთან და ბანკებისგან დაბალი პროცენტების მიღება, რათა მოხდეს ინვესტიციების დაბალანსება.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისთვის პრობლემის სიდიდე არასოდეს არის შემაფერხებელი, ამიტომ ასეთ გარდამავალ პერიოდებში მე ყოველთვის ველოდები პერიოდულ შეხვედრებს პასუხისმგებელ პირებთან, რათა მოხდეს პრობლემის გადაჭრა“,- აღნიშნა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ.