იაპონურმა სოციალური გავლენის მქონე ჰოლდინგმა Gojo & Company, Inc.-მ კრედო ბანკის 16.8%-იანი წილი შეიძინა, რითაც სადებიუტო ინვესტიცია განახორციელა საქართველოში.
გარიგებაზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო.
კრედო ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ მიკროსაფინანსო ჰოლდინგი - Access Credo GmbH გერმანიიდან, საინვესტიციო ფონდები, რომლებსაც მართავს Triodos Investment Management BV ნიდერლანდებიდან და განვითარების საფინანსო ინსტიტუტი - Proparco (Groupe Agence Française de Développement) საფრანგეთიდან.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა: „საქართველოს საბანკო სივრცეში მსგავსი წილობრივი მოცულობის იაპონური ინვესტიციის პრეცედენტი არ გვქონია. ყოველივე ეს მიუთითებს ქართული საბანკო სისტემის მიმართ არსებულ მაღალ ნდობასა და მდგრადობაზე. საერთაშორისო ინვესტორების ქვეყანაში შემოსვლა დადებითად აისახება საინვესტიციო კლიმატზეც, მათ შორის - ხელს შეუწყობს ბაზრის დივერსიფიკაციას, საბანკო პროდუქტების ხელმისაწვდომობას ჩვენი მოსახლეობისათვის და კონკურენციის ზრდას. ჩვენი საფინანსო სექტორი საკმაოდ გამართულად ფუნქციონირებს, ემსახურება ეკონომიკას და ამაზე ეს ინვესტიციაც მეტყველებს.”
Gojo & Company, Inc. ტოკიოში დაფუძნებული ჰოლდინგ კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ინკლუზიური ფინანსური სერვისების მომწოდებელ კომპანიებს და ოპერირებს აზიისა და აფრიკის 13 ქვეყანაში. კომპანია 2014 წელს დაარსდა მსოფლიოში ფინანსური ჩართულობის ამაღლების მიზნით. 2024 წლის მარტის მდგომარეობით, Gojo ჯგუფი 10 ათასზე მეტი თანამშრომლით ემსახურება 2.4 მილიონზე მეტ კლიენტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით, 94 სერვისცენტრით, 480,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.