აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის (ლაბორი) თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ კურიერების პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელიც ახლახან შეიქმნა და „ლაბორში“ გაწევრიანდა, დასაქმებულების შრომით უფლებებს, მათ დაცვასა და განმტკიცებას მოემსახურება.
მისი ინფორმაციით, კურიერების პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციაში, ამ ეტაპზე, მიტანის სერვისის კომპანიების - „გლოვო“, „ვოლტი“ და „ბოლტი“ რამდენიმე ათეული წევრია გაერთიანებული. უახლოეს მომავალში კი, ახლად შექმნილ პროფკავშირებს „მადას“ კურიერებიც დაემატება.
„მიტანის სერვისის კომპანიები აცხადებენ, რომ ეს ადამიანები (კურიერები) დასაქმებულები არ არიან, საკურიერო კომპანიები მათ პარტნიორებად მოიხსენიებენ, თუმცა, ეს ადამიანები პირდაპირპროპორციულად არ არიან პარტნიორები. პირდაპირ გეტყვით, ისინი დასაქმებულები არიან, შესაბამისად, მათზე უნდა გავრცელდეს შრომითი კოდექსით გათვალისწინებული ბენეფიტები.
შეიძლება კურიერებმა განაცხადონ, რომ საშემოსავლოს სახით იხდიან 1%-ს, ხოლო თუ ისინი შრომით ურთიერთობებში ჩაებმებიან, ამის სანაცვლოდ 22%-ის (20%-საშემოსავლო, 2%-საპენსიო) გადახდა მოუწევთ. შესაბამისად, ბევრი კურიერისთვის დღეს არსებული სტატუსი მისაღებია.
ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ხალხი სტანდარტულ შრომით ურთიერთობებში უნდა ჩაებას, არამედ, ვთვლით, რომ მათზე შრომის კოდექსით გათვალისწინებული სტანდარტები უნდა გავრცელდეს,“-აღნიშნავს დიასამიძე.
მისივე განცხადებით, საქართველოს პროფესიული კავშირების იურიდიულ დეპარტამენტი, ამ ეტაპზე, ელის უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს კურიერების სამართლებრივი სტატუსი შრომითი ურთიერთობების კონტექსტში. შესაბამისად, „ლაბორიც“ ელოდება სამართლებრივ გადაწყვეტილებას, თუ რა სახის ურთიერთობა აქვს კურიერებთან „გლოვოს“, „ვოლტს“ და „ბოლტს“ და როგორ უნდა განისაზღვროს იქ დასაქმებული კურიერების სამართლებრივი სტატუსი.
როგორც დიასამიძე აცხადებს, „ლაბორი“ ამ ადამიანებს ნებისმიერი სამართლებრივი ფორმით დაიცავს და მათთან ერთად ღირსეული სამუშაო პირობებისთვის იბრძოლებს.
კითხვაზე, რა სამართლებრივი საფუძველი ამყარებს კურიერების პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის შექმნას მაშინ, როდესაც მიტანის სერვისის კომპანიები კურიერებთან როგორც პარტნიორებთან და არა დასაქმებულებთან თანამშრომლობს, პროფკავშირის შექმნა კი მხოლოდ სამართლებრივად დასაქმებულებს შეუძლიათ, დიასამიძე განმარტავს, რომ საბოლოო ჯამში ეს ფაქტი ძალიან უსამართლობაა, რადგან ეს კურიერები არიან დასაქმებულები და არა პარტნიორები.
„კომპანია კურიერებს ასე მოიხსენიებს, მაგრამ რეალურად არ არიან პარტნიორები, ისინი არ არიან გადაწყვეტილების მიმღებნი. ამიტომ, ისინი არიან დასაქმებულები და შრომის კოდექსით გათვალისწინებული ბენეფიტები, მათ შორის, დაზღვევა, შვებულების უფლება, ბიულეტენის უფლება მათზე უნდა გავრცელდეს.
სამართლებრივად ეს ძალიან რთულია. კომპანიებმა, როგორებიც არიან „გლოვო“, „ვოლტი“ და „ბოლტი“, ჩვენს კანონმდებლობაში იპოვეს ხარვეზი და ამის მეშვეობით ცდილობენ მინიმალური სტანდარტების დაწესებას მაქსიმალური მოგების ხარჯზე. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების ორგანიზება, გაერთიანება,“-აღნიშნავს დიასამიძე.
მისივე მტკიცებით, ხშირ შემთხვევაში დამსაქმებლებს არგუმენტი არ გააჩნიათ, რატომ არ უნდა გავრცელდეს კურიერებზე შრომითი ურთიერთობა ან რატომ არ უნდა გაეზარდოთ ის ტარიფი, რაც აქვთ.
„რატომ უნდა მოიპაროს რომელიმე კომპანიამ გავლილი მანძილი? მაგალითად, თუ კურიერი გადის 10 კმ-ს, რატომ უნდა ჩაეწეროს 8 კმ? რატომ უნდა მოხდეს, რომ თუ კომპანიას არ მოეწონება რომელიმე კურიერი, 5 წუთში გაუთიშოს წვდომა აპლიკაციასთან? ამ საკითხებთან დაკავშირებით გავერთიანდით,“- აცხადებს დიასამიძე.
„ლაბორის“ თავმჯდომარე კურიერების პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ უმთავრესი მიზანია პროფკავშირული ორგანიზაციების გამრავლება და გაზრდა, ასევე მოლაპარაკებების წარმოება. სამომავლო გეგმაა, რომ შეიქმნას მშრომელთა ძლიერი გაერთიანებები.
არსებობს აღნიშნული საკითხისადმი განსხვავებული მიდგომაც. კერძოდ, „კომერსანტთან“ საუბრისას ერთ-ერთმა კურიერმა, რომელიც არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ კურიერების უფლებები მეტად იქნება დაცული, თუ მათზე შრომითი ურთიერთობები გავრცელდება, აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, სამუშაო გრაფიკის მკაფიოდ განსაზღვრასთან ერთად, მათ დაექვითებათ შემოსავლის 22%-იც. ეს კი, მისი აზრით, კურიერების აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელი იქნება.
„როცა საუბარია იმაზე, რომ კომპანიას შეუძლია, კურიერს აპლიკაციაზე წვდომა გაუუქმოს, ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სერვის-ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არღვევ და ამის შესახებ თავიდანვე გაფრთხილებენ. შრომითი ურთიერთობა არ არის გარანტი, რომ აპლიკაციაზე წვდომას ვეღარ გაგიუქმებენ. პირიქით, დამსაქმებელს შეუძლია, საერთოდ გაგათავისუფლოს სამსახურიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, შეგვეძლოს ჩვენი უფლებების სრულფასოვნად დაცვა, თუნდაც იმ კუთხით, რომ სწორად მოხდეს გავლილი მანძილის დაანგარიშება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამისთვის საუკეთესო გზაა პროფკავშირში გაწევრიანება, ან იმის მოთხოვნა, რომ ჩვენი საქმიანობა შრომითი ურთიერთობების ჭრილში განიხილებოდეს.
ჩემი ბევრი მეგობარი თანამშრომლობს სხვადასხვა საკურიერო კომპანიასთან და ზუსტად ვიცი, რომ მათთვის თანამშრომლობის ეს ფორმა მისაღები და კომფორტულია.
მე თავად ვირჩევ რამდენი საათით ვიმუშაო, რომელ დღეებში ან დღე-ღამის რა მონაკვეთში და არანაირი სურვილი არ მაქვს, კომპანიამ შემიდგინოს განსაზღვრული სამუშაო გრაფიკი, ან დამიწესოს სამუშაო საათების მინიმუმი თუ მაქსიმუმი. ჩემი აზრით, ეს პირობების გაუმჯობესება ვერანაირად ვერ იქნება.
პროფკავშირების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ თუ ვინმე ჩვენს მაგივრად წყვეტს, რომ ჩვენთვის შრომითი ურთიერთობები სჯობს, ეს არასწორია“, - აცხადებს კურიერი, რომლის ვინაობასაც, მისივე თხოვნით, ანონიმურად ვტოვებთ.