სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს კომპანიების დირექტორები, რომლებიც უფასო სასადილოებით მომსახურების გაწევისას ₾3,5 მლნ-ის ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. როგორც განცხადებიდან ირკვევა, საუბარია რამდენიმე კომპანიაზე, რომლებიც უფასო სასადილოების სერვისების მიწოდებით იყვნენ დაკავებული, მათ შორის არის კომპანია Aladashvili & co, რომელმაც სხვადასხვა ტენდერის ფარგლებში არაერთი ქვეკონტრაქტორი დაიქირავა, რომლებმაც თანხები არაჯეროვნად განკარგეს.
როგორც "კომერსანტისთვის" გახდა ცნობილი კონკურენციის სააგენტომ, უფასო სასადილოების საქმეზე მოკვლევა ჯერ კიდევ 2021 წელს დაასრულა და 4 კომპანიას დააკისრა ფინანსური სანქცია კონკრეტულ სახელმწიფო შესყიდვებში ბაზრების გადანაწილების გამო.
მოკვლევის შედეგად დაჯარიმდა შპს „Aladashvili&co“, შპს „ნილი“, შპს „თარი 08“ და შპს „ელფი“. ჯამურად კომპანიებს დაეკისრათ ჯარიმა 39 239 ლარის ოდენობით. (მათ შორის 2-ს ქონდა ნულოვანი ბრუნვა 2020 წელს)
კერძოდ, კომპანიები თბილისის მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ გამოცხადებულ უფასო სასადილოების ტენდერების ტერიტორიული ნიშნით განაწილების მიზნით ერთმანეთს უზიარებდნენ სტრატეგიულ ინფორმაციას.
სააგენტოს მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ კომპანიები წინასწარ თანხმდებოდნენ, თუ ვის უნდა გაემარჯვა კონკრეტულ ტენდერში, რითაც ახდენდნენ ბაზრის გადანაწილებას ტერიტორიული ნიშნით (უბნების მიხედვით).
აღნიშნულ მტკიცებას კი საფუძვლად ედო კომპანიის წარმომადგენლების გამოკითხვები, შეხვედრების დამადასტურებელი ინფორმაცია, ასევე ტენდერების შესწავლის შედეგად გაკეთებული ანალიზი.