საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), უძრავი ქონების იჯარით გაცემისა და გაქირავების ბაზარზე, ფ/პ გია გორგოშაძის მიერ შპს „ბუკას“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.
GCCA-ის მიღებული და დამუშავებული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, უძრავი ქონების იჯარით გაცემისა და გაქირავების ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას 4240-მდე სუბიექტი ახორციელებდა. ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 2 852 674 924 ლარი. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) გაუტოლდა 48.70 ერთეულს, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. შესაბამის ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს კომპანიათა ფართო სპექტრი, რომელთა წილებიც საკმაოდ დაბალანსებულია. მცირეა სამიზნე კომპანიის საბაზრო წილიც. ასევე, ვინაიდან გია გორგოშაძის მიერ კონტროლირებადი ეკონომიკური აგენტები კონცენტრაციის განხორციელებამდე არ მოქმედებდნენ უძრავი ქონების იჯარით გაცემისა და გაქირავების ბაზარზე, კონცენტრაციის განხორცილების შედეგად ადგილი არ ექნება კონცენტრაციის (HHI) ინდექსის ცვლილებას.
შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრის სტრუქტურისა და კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით დადგინდა, რომ განხორციელებული კონცეტრაცია კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენს.
ინფორმაციისთვის: GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
2025 წელს, GCCA-ის მიერ 7 კონცენტრაციაზე თანხმობა გაიცა. ამ ეტაპზე, 2 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს.
ინფორმაციას GCCA ავრცელებს.