საქართველოში ჩინეთიდან ტურისტების ნაკადები იზრდება. ახალი ბაზის გახსნას ტურისტების მატებასთან ერთად ქართველი გიდებისთვის გამოწვევა მოჰყვა. ადგილობრივ გიდებს უცხოელები ანაცვლებენ. ჩინელ ტურისტებს საკუთარი გიდები ემსახურებიან, რის გამოც ადგილობრივები სამუშაო ადგილებს კარგავენ. პრობლემა ქართველი გიდებისთვის ახალი არ არის. გიდი ია გოცაძე ,,კომერსანტთან’’ საუბარში აღნიშნავს, რომ უცხოელებმა ბაზრის ნაწილი უკვე აითვისეს, თუმცა ეს პროცესი გრძელდება, რის გამოც 2-3 წელიწადში სექტორში პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ია გოცაძე აცხადებს, რომ ჩინური კომპანიები საქართველოში მალე თავის ოფისებს გახსნიან და ტურისტულ ჯგუფებს თავად მოემსახურებიან. ამ მოლოდინს ქართველ გიდს უკვე არსებული გამოცდილება უქმნის. რუსმა გიდებმა საქართველოში მასიურად შემოსვლა უკრაინის ომის შემდეგ დაიწყეს. ისინი უკვე ფლობენ საკუთარ ტურისტულ კომპანიებს და რუს ვიზიტორებს თავად ემსახურებიან. ია გოცაძეს აქვს მოლოდინი, რომ იგივე მოხდება ჩინეთის ბაზრიდან გაზრდილი ტურისტული ნაკადების შემთხვევაშიც.

,,ტურიზმში ახალი ბაზრების წილი იზრდება. მაგალითად, ჩინეთიდან მოდის ძალიან დიდი ნაკადები. მათ როგორც წესი მოჰყავთ თავისი გიდები. მალე აქ დაარეგისტრირებენ თავის კომპანიებს და თავისი კომპანიები უზრუნველყოფენ სრულად ყველა მომსახურებას. ადგილობრივი ტურისტული კომპანიები ჩანაცვლდებიან. იგივეა ინდოეთიდან წამოსულ ნაკადებზე. ნელ-ნელა მოხდება ადგილობრივი გიდების ჩანაცვლება. იგივეა რუს გიდებზე, რომლებიც დიდი ხანია შემოვიდნენ. მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო ძალიან ბევრი გადმოვიდა აქ საცხოვრებლად. მათ თავისი ტურისტული კომპანიები გახსნეს და თვითონ უწევენ მომსახურებას ბაზარს. ეს პროცესი გრძელდება. ბაზრის ნაწილი უკვე დაიკავეს უცხოელმა გიდებმა და ნაკლები სამუშაო ადგილი რჩება ადგილობრივი გიდებისთვის. ეს პრობლემა 2 და 3 წელიწადში მკვეთრად გაიზრდება. მერე უკვე რთული იქნება ამის შემოტრიალება, ამიტომ გვჭირდება ახლა რეგულაციები და კანონპროექტი, რომელიც ამას დაარეგულირებს. ახლა უკვე გართულებული სიტუაციაა და კიდევ უფრო მეტად არ გართულდეს.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში ია გოცაძე.

გიდი მიიჩნევს, რომ საჭიროა უცხოელი გიდების საქმიანობის კანონმდებლობით დარეგულირება. ერთ-ერთ გამოსავლად ია გოცაძე უცხოელ გიდთან ერთად ადგილობრივის მუშაობას ასახელებს. კიდევ ერთი პრობლემა უცხოელი გიდების მიერ ტურისტებისთვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეა. ია გოცაძე ამბობს, რომ პრობლემის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციაში იციან, თუმცა მათი პასუხი ყოველთვის ის არის, რომ თავისუფალ ბაზარში ვერ ჩაერევიან.

,,როცა ჩამოდის უცხოელი ტურისტი თავისი გიდით, ერთი ქართველი, ადგილობრივიც უნდა ჰყავდეთ. ერთობლივად რომ იმუშაონ. ასევე მეორე საკითხია რა ინფორმაციას აწვდიან ეს გიდები. უნდა იყოს რეგულაცია და კონტროლი ამასთან დაკავშირებითაც. ტურიზმის ადმინისტრაციის პასუხი ყოველ ჯერზე არის ის, რომ თავისუფალ ბაზარს ვერ შეზღუდავენ. ამ შემთხვევაში ადგილობრივი გიდების ინტერესები არის უგულებელყოფილი და გაუთვალისწინებელი. ყოველ შეხვედრაზე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, იქნება ეს კონფერენციები თუ ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრა სექტორთან, ყოველ ჯერზე ეს პრობლემა ჟღერდება და ყოველ ჯერზე არის ამაზე საუბარი. პასუხი არის ერთი და იგივე, რომ ისინი ვერ შეზღუდავენ თავისუფალ ბიზნესს.’’- აცხადებს ია გოცაძე.

გიდი ,,კომერსანტთან“ კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს. ია გოცაძე განმარტავს, რომ უცხოელი გიდები გადასახადებს არ იხდიან, რაც ადგილობრივებს მათთან არათანაბარ პირობებში აყენებს. ის მიიჩნევს, რომ საჭიროა ამ საკითხის დარეგულირებაც და უცხოელი გიდებისთვის გადასახადების დაწესება.

,,ადგილობრივი გიდები და ადგილობრივი კომპანიები რეგისტრირებულები ვართ და ვიხდით გადასახადს. მცირეა გადასახადი, მაგრამ მაინც ვიხდით. უცხოელი გიდები და კომპანიები, რომლებიც აქ მუშაობენ არანაირ გადასახადს არ იხდიან. სახელმწიფო ვერანაირ შემოსავალს ან მოგებას მათი მხრიდან ვერ იღებს. ეს შემოსავლები მთლიანად გადის. არ რჩება ქვეყანაში. ესეც პრობლემაა. ესეც უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით.’’- აცხადებს ია გოცაძე.