ტექსტილის დარგში კრიზისი გრძელდება- საქართველოში წარმოებული ტანსაცმლის ექსპორტი თვიდან თვემდე იკლებს, რადგან უცხოელი დამკვეთებისთვის საქართველო საინტერესო აღარ არის. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საექსპორტო შემოსავლების კლების გამო ბევრი სამკერვალო საწარმო უკვე დაიხურა და სექტორი მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშეა.

კომპანია "უნისტილის" დამფუძნებელი ნატალია ჩხეიძე ამბობს, რომ ინვესტორები საქართველოს ბაზრით არასტაბილურობის გამო აღარ ინტერესდებიან.

“საკმაოდ ბევრი ატელიე, ფაბრიკა დაიკეტა. ჩვენ ძალიან ვცდილობთ, რომ პულსზე გვეჭიროს ხელი და შევინარჩუნოთ ჩვენი წარმოება, მაგრამ ექსპორტზე რომ აღარ გაგვაქვს პროდუქცია, ამან თავისთავად ჩვენც დაგვარტყა, ისევე როგორც სხვა სამკერვალოებს. ზოგმა ნაწილობრივ გაუძლო, უმეტესობამ სრულად ვერ გაუძლო და ფაქტობრივად, საერთოდ დაიხურნენ.

ეს ტენდენცია საკმაოდ დიდი ხანია უკვე ნელ-ნელა მიმდინარეობს და ამ პერიოდისთვის შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, ეს სფერო მოკვდა.

სულ რაღაც ორი დღის წინ მე მქონდა შეხვედრა თურქ წარმომადგენლებთან. საკმაოდ სოლიდური ხალხი იყო ჩამოსული, რომლებსაც შემოთავაზება აქვთ ჩვენთან, ახალი ქსოვილების და ტექნოლოგიების დანერგვა მჭირდება და მათთან გავმართეთ დიალოგი, სადაც გამოვკითხე ეს სიტუაცია, რა ხდება ექსპორტთან დაკავშირებით-მეთქი და პირდაპირი პასუხი იყო ის, რომ აქვთ შიშის ფაქტორი.

სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ექსპორტში, შიდა ბაზარზეც კი. შეიძლება ეს ერთი მხრივ ვითომ ჩანდეს, მაგრამ რეალურად შიშის ფაქტორი ინვესტორებში დიდია და, რა თქმა უნდა, ყველა ერიდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას. ექსპორტზე არავინ არ ჩამოვა 5000 და 10 000 დოლარის პროდუქციის შესაკვეთად, აქ მინიმალური თანხები იწყება 100 000 დოლარიდან და ადის მილიონობით დოლარამდე. ამ თანხების აქ ჩადებას უკვე ყველა ერიდება.” - ამბობს კომპანია "უნისტილის" დამფუძნებელი ნატალია ჩხეიძე.

bm.ge