‘’პანექსის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ლევიძის განცხადებით, პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებზე ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტზეც მოთხოვნა მატულობს. შესაბამისად, წარმოების ტემპიც იზრდება. კერძოდ, როგორც ლევიძე  ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით წარმოებაში 65%-იანი ზრდაა და დინამიკა 2024 წელსაც შენარჩუნდება.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლიდან წარმოებული სენდვიჩ პანელების მოცულობა უკვე 100 000 კვ/მ შეადგენს.
ქართულ ბაზარზე მოთხოვნის ზრდას ‘’პანექსის“ აღმასრულებელი  დირექტორი როგორც ეკონომიკური ზრდას და ბიზნესის გაააქტიურებას, ასევე კომპანიის მენეჯმენტში  ცვლილებას უკავშირებს, რომელიც 2022 წლის დასაწყისში განხორციელდა და ძველი მმართველობა მთლიანად ახლით ჩანაცვლდა.


რაც შეეხება წარმოებულ პროდუქციას, ეს არის სენდვიჩის ტიპის პანელი, რომელიც უნიკალური თვისებების მქონე სამშენებლო მასალად მიიჩნევა. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის სექტორში, მათ შორის, ფასადების, კედლების, ასევე სახურავების კონსტრუქციისთვის.


როგორც გიორგი ლევიძე განმარტავს,  პანელებთან ერთად თუნუქის აქსესუარებს და სამაცივრე  ინდუსტრიულ კარადებს აწარმოებენ.


‘’ჩვენ საწარმო თითქმის სრულად იტალიური დანადგარებით არის აღჭურვილი. იტალიაშიც ასევე შერჩეული გვყავს ძლიერი ორგანიზაცია, ვინც  ეს საწარმო ხაზი დაამზადა.  რამდენიმე კომპონენტი არის სამხრეთ კორეული, რომელიც ასევე ხარისხის მანიშნებელია.  2021 წელსა და 2022 წელს  საწარმოო მაქსიმუმი იყო 300 000 კვ/მ და 2023 წლის მდგომარეობით, 509 000 კვ/მ-მდე  გავზარდეთ. ჩვენი წარმოების 35 % ადგილზე იყიდება, მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების უმეტესობა საქართველოში ,,პანექსის“ მომხმარებელია. ესენია ფაქტობრივად  ყველა სამშენებლო კომპანია, საწარმო, ღვინის ქარხნები, სხვადასხვა გადამმუშავებელი საწარმოები, მაღალტექნოლოგიური ფერმები და სხვა, რომლებიც ჩვენი პანელებით არიან აღჭურვილები“, - აცხადებს გიორგი ლევიძე.

მისი ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 1000-მდე პროექტი აქვთ შესრულებული. ამ რაოდენობაში იგულისხმება როგორც ბიზნესი, ასევე ფიზიკური პირების შეკვეთები.


2024 წლის გეგმაშია წარმოების ზრდა და ტექნიკური ხაზის განვითარება, რაშიც კომპანიას გარკვეული დახმარება გაუწია სააგენტომ ‘’აწარმოე საქართველოში“, რომლის დახმარებითაც ‘’პანექსი“ ორი პროექტის განხორციელებას გეგმავს.
პირველი პროექტის ფარგლებში  იგეგმება დაახლოებით 0,5 მლნ ლარის  ინვესტირება, რაც იტალიურ დანადგარების შეძენას მოხმარდება.  გიორგი ლევიძის თქმით, სააგენტოს მხარდაჭერა ამ ნაწილში  სესხის წილის (საპროცენტო განაკვეთი) დაფინანსებას მოიცავს. ახალი დანადგარების ინსტალაცია კი მიმდინარე წლის ზაფხულში განხორციელდება.
რაც შეეხება მეორე პროექტს, საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015 -ის დანერგვას უკავშირდება. ხარჯის  80%-ს, 4 200 ევროს ოდენობით ,,აწარმოე საქართველოში“  დააფინანსებს, რაზეც შეთანხმება მიღწეულია.

bp.ge