[ელექტროენერგიის] გაზრდილი ტარიფი საწინდარია გაზრდილი ინვესტიციისა და დიდი პასუხისმგებლობისა კომპანიის მხრიდან - რა თქმა უნდა, გაზრდილი ინვესტიციის ფონზე, სიკეთე, რომელიც რიგით მომხმარებლამდე უნდა დავიდეს, ხვალვე ვერ განხორციელდება, - ამის შესახებ კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ მამისეიშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა სემეკის გადაწყვეტილება, რომელმაც მათი კომპანიისთვის ინვესტიციების მოცულობა ყოველწლიურად 200 მილიონი ლარით განსაზღვრა.
მამისეიშვილის თქმით, მიღებული გადაწყვეტილების განხორციელებისთვის კომპანია აქტიურად დაიწყებს მუშაობას.
„მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ზედმიწევნით კარგად იცის ჩვენი ქსელური პრობლემები და არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა. გაზრდილი ტარიფი ეს არის საწინდარი გაზრდილი ინვესტიციისა და დიდი პასუხისმგებლობისა კომპანიის მხრიდან.
რა თქმა უნდა, გაზრდილი ინვესტიციის ფონზე, ეს სიკეთე, რომელიც რიგით მომხმარებლამდე უნდა დავიდეს, ხვალვე ვერ განხორციელდება. ეს იქნება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი. ჩვენ მზად ვართ, თითოეული ლარი სწორად მივმართოთ ქსელური კომპონენტების გასაუმჯობესებლად, რაც საბოლოოდ, არსებულ მძიმე მდგომარეობას გააუმჯობესებს.
გვქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, ბევრი შეხვედრები. განვიხილავდით საინვესტიციო გარემოს და ტარიფის სხვადასხვა პაკეტს, მათ შორის გაანგარიშების. თუმცა რა გადაწყვეტილებაც არის მიღებული, დღეს გაჟღერდა და მის განხორციელებაზე აქტიურად დავიწყებთ მუშაობას“,- განაცხადა გრიგოლ მამისეიშვილმა.
ცნობისთვის, სემეკის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ თბილისში, ისევე, როგორც რეგიონებში, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. ამასთან, 1-ელი აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც. ამასთან, სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ცვლილებები შეეხო საინვესტიციო საკითხს. მისივე ინფორმაციით, „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“ თავდაპირველად წარმოდგენილი იყო ყოველწლიურად 300 მილიონი ლარი, რომელიც შემდგომ დაკორექტირდა და საშუალოწლიურად, 200 მილიონი ლარია, რაც 5 წლის განმავლობაში შეადგენს 1 მილიარდ ლარს“.