„ეს სრულიად არასწორი, დილეტანტური და დამაზიანებელი მიდგომაა“ - ასე აფასებს „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი, ნიკოლოზ ალავიძე პრემიერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად 52.5 მილიონი ლარი დაიზოგა. როგორც ალავიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, „არაფრისმომცემია „გამოთავისუფლებული“ თანხაც, თუ არ მოხდება რადიკალური კორუფციის ჩაკეტვა“.
ცნობისათვის, ორიოდე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ
საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურად 52.5 მილიონი ლარი დაიზოგა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რკინიგზაში ოპტიმიზაცია წლიურ ჭრილში 36 მილიონ ლარზე მეტის ეკონომიას იძლევა, ხოლო ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში - 16.5 მილიონი ლარს.
„სრულიად არასწორი, დილეტანტური და დამაზიანებელი მიდგომაა. ვერც რკინიგზა და ვერც ენერგეტიკის სფერო კომპეტენტური და მაღალპროფესიონალი ადამიანების გარეშე ფუნქციონირებას ვერ შეძლებს. თუ ამ პროცესის შეფასება მხოლოდ ცალმხრივად, ერთ ჭრილში მოხდება, არაფერი კარგის მომცემი არ იქნება და ვერანაირი შედეგი ვერ დადგება, გარდა გაზრდილი ხარჯებისა. ეს ეხება მთლიანად ქვეყნის მართვას, რომელიც არაპროფესიონალებზე დაფუძნებული მავნებლურ პრაქტიკას ავითარებს და ის თრგუნავს არსებულ პროფესიონალებს, რომლებზეც ეს ინსტიტუტები დგას“, - აღნიშნა ალავიძემ.
მისი თქმით, არაფრისმომცემია ე.წ. „გამოთავისუფლებული“ თანხაც თუ არ მოხდება რადიკალური კორუფციის ჩაკეტვა.
„ეს ე.წ. „გამოთავისუფლებული“ თანხა არაფერს არ იძლევა, თუ არ მოხდა სისტემურად რადიკალური კორუფციის ჩაკეტვა. ყველაზე მარტივი გამოსავალია, აუდიტორული შეფასებები - ჩატარდეს სრულყოფილი ინვენტარიზაცია როგორც ფიზიკური აქტივების, ასევე ადამიანური რესურსების. გამოიკვეთოს ყველა პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ამ საწარმოებს გამართულად მუშაობაში“, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.