უძრავი ქონების საბროკერო კომპანია „ბინარეას“ დამფუძნებელი ირმა ელბაქიძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ დეველოპერული პროდუქტების გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება. მისი თქმით, ამ მოლოდინს არსებული მონაცემების ანალიზი ქმნის. ირმა ელბაქიძე აცხადებს, რომ ფასი მცირედით იკლებს მეორად საცხოვრებელ ბინებზე. ამას გადახდის მეთოდი განაპირობებს. მომხმარებელს, რომელსაც უძრავი ქონების შეძენა იპოთეკური სესხის გარეშე სურს, მეორად ბინას ნაღდი ანგარიშსწორებით ყიდულობს. ,,ქეშად“ გადახდის შემთხვევაში კი ფასები შედარებით იკლებს.

,,ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო სტატისტიკა. დეველოპერული პროდუქტები არ გაიაფდება და ზუსტად ვიცით, რომ გაძვირების ტემპი შენარჩუნდება ან ეს ფასები საკმაოდ დიდი ხანი შენარჩუნდება. ჩვენი სტატისტიკით ფასის ყოველწლიური ზრდა მინიმუმ 10-დან 15%-მდე იქნება. ეს არის მინიმუმ.  რაც შეეხება მეორედ ბინებს - აქ შეიმჩნევა ის, რომ სადაც ნაღდი ანგარიშსწორებით არის გადასახდელი და შიდა განვადება არ არის და იპოთეკური სესხის აცილება უნდა მოქალაქეს, ამ შემთხვევაში ფასები ცოტა დაწეულია, რადგან მოთხოვნა უფრო დაბალია ასეთ ქონებაზე. რაც შეეხება დეველოპერულ ქონებას, აქ სულ სხვანაირი მიდგომაა. რადგან მყიდველი სხვანაირად იხდის.’’- აცხადებს ირმა ელბაქიძე.

დეველოპერული პროდუქტების გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის არის მიწის დეფიციტი, რის გამოც მისი ფასი გაძვირებულია. გაზრდილია პროექტის დამუშავების ღირებულებაც. ასევე გაძვირდა სამშენებლო მასალები და მოიმატა მუშა ხელის ანაზღაურებამ.

,,მიწის ფასია ძალიან გაძვირებული. ეს უნდა გავითვალისწინოთ. დეველოპერს მიწის შეძენა საკმაოდ ძვირი უჯდება. შემდეგ პროექტის ფასია. თუ მაგალითად 5 დოლარი უჯდებოდა პროექტის კვადრატულის დამუშავება, ახლა მინიმუმ 10 დოლარი ჯდება. პლუს დღგ. მომსახურების სფეროში ვინც მუშაობს, ისიც ხომ ითხოვს ხელფასის ზრდას. ავტომატურ რეჟიმში ხდება პროცედურულად ყველაფრის ზრდა. ინფლაციაც მიდის. ყველა ეს პროცესი გვეხება ყოველთვის.’’- განმარტავს ირმა ელბაქიძე.

საბროკერო კომპანია „ბინარეას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ დეველოპერული პროდუქტების გაძვირებას ფონზე ეროვნული ბანკის რეგულაცია დეველოპერებისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა.

,,ეროვნული ბანკის რეგულაციამ ძალიან დიდი ხელშეწყობა გაუკეთა დეველოპერებს. ფაქტობრივად შიდა განვადებით 2 წელიწადში 20%-ის დაფარვა უწევს მყიდველს. 2 წელიწადში 500 დოლარი რომ გაქვს გადასახდელი ბევრად უფრო ადვილია ამ ქონების შეძენა, ვიდრე მაგალითად ერთიანი დიდი თანხის მოძიება. ძალიან შეუწყო ხელი და დეველოპერებს დიდი დახმარება გაუწია იმაში, რომ გაყიდვების ტემპი შეენარჩუნებინათ და გაეზარდათ კიდევაც.’’- აცხადებს ირმა ელბაქიძე.