„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ თვეების შემდეგ წარმოების განახლებას გეგმავს. კომპანიამ სამუშაოების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა რეორგანიზაციის პირობით. წარმოების განახლების პროცესს მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს, რომელსაც აქამდე ტყიბულის შახტების მართვა ჰქონდა ჩაბარებული. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ გაფიცულებს მოუწოდებს შეწყვიტონ პიკეტირება და ხელი არ შეუშალონ ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენას. კომპანიაში ამბობენ, რომ პიკეტირების პირობებში წარმოების აღდგენა შეუძლებელია.

,,კომპანია გადაჭრით აცხადებს: ჭიათურაში სამთო წარმოება ან გაიხსნება ახალ წესებზე დაფუძნებული მოდელით – ან საერთოდ ვერ აღდგება. ამ პროცესის დაწყება შეუძლებელია მაღაროების ბლოკირების პირობებში. ადგილობრივი ჯგუფების მიერ მაღაროები უკვე ერთ წელზე მეტია პარალიზებულია. მოვუწოდებთ ადგილობრივ ჯგუფებს, შეწყვიტონ პიკეტირება და ხელი არ შეუშალონ ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენას.’’- წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიას პასუხობენ ჭიათურელი მაღაროელები. ტარიელ მიქაცაძე ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ კომპანია მათ ულტიმატუმის ენით ელაპარაკება, რაც მიუღებელია. მაღაროელის თქმით, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარი არ არის მოსახლეობის პრობლემებზე. გარდა ამისა, დასაქმებულები ითხოვენ დეტალურად იყოს განხილული რეორგანიზაციის პირობები და წარმოების განახლების ვადები. ტარიელ მიქაცაძე აცხადებს, რომ ხელშეკრულება მთავრობის წარმომადგენლისა და ექსპერტების ხელმოწერით უნდა გამყარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კომპანიას ნდობას ვერ გამოუცხადებენ.

,,წერილში არ არის საუბარი დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებზე. ასევე ამბობენ, რომ თუ კომპანიამ თავისი პირობებით თუ არ გააგრძელა მუშაობა, ისე აზრი არ აქვს შემოსვლასო. აქეთ გვიყენებენ ულტიმატუმს, ამიტომ ყველანაირად მიუღებელია. ასეთი ულტიმატუმის ენით საუბარი ჩვენთან არ გამოვა. დიალოგია საჭირო. დავსხდეთ, თუ არიან საქმის გამკეთებელი დაგვიდონ ოფიციალური გეგმა, რა დროში რას გააკეთებენ, გაამყარონ სპეციალისტებისა და მთავრობის ხელმოწერით ხელშეკრულება. ამის შემდეგ აგვიწევია ხელები. გვითხრან რეორგანიზაციის სახელით რამდენი ადამიანის გაშვებას აპირებენ. გვითხრან ვის გაშვებას აპირებენ - მუშა კლასის თუ ხელმძღვანელი რგოლის. ყველაფერზე სასაუბრო გვაქვს. ერთი განცხადება, რომ მოვდივარ და დავიწყოთ მუშაობა არაფერს არ ნიშნავს.’’- აცხადებს ტარიელ მიქაცაძე.