კომპანია ,,Wissol”-ი წლებია ბერძნული ბრენდ Eko-ს ქვეშ ევროპული წარმოების საწვავს ყიდის. ამ თემაზე ,,კომერსანტმა” სტატია გამოაქვეყნა, სადაც კომპანიის პოზიცია შემოგთავაზეთ.

,,კომერსანტი” დაინტერესდა დაარღვია თუ არა ,,Wissol”-მა მომხმარებელთა უფლებები. კითხვით ჩვენ ,,საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს'' (GCCA) მიმართეთ. სააგენტოში განმარტეს, რომ მოკვლევის დასაწყებად საჭიროა მათ მომხმარებელმა განცხადებით მიმართოს. სწორედ მომხმარებლის შეტყობინების საფუძველზე შეუძლია სააგენტოს მოკვლევის დაწყება. GCCA-ში ამბობენ, რომ ,,Wissol”-ის მიერ Eko ბრენდის ქვეშ ბერძნულის გარდა, სხვა ევროპული საწვავის გაყიდვის შემთხვევაზე მათთვის მომხმარებელს არ მიუმართავს.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოში ასევე განმარტავენ, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს კომპანიის მიერ განხორციელებული ქმედება მომხმარებლების უფლებების დარღვევად. ამ საკითხს ,,მომხმარებლის უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც უსამართლო კომერციული საქმიანობა აკრძალულია.

,,კერძოდ, მომხმარებლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება ან ინფორმაციის იმგვარად მიწოდება, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის მოტყუება და რის გამოც მომხმარებელმა დადო ან შესაძლოა დადოს გარიგება, რომელსაც სხვაგვარად არ დადებდა. ასევე, საქონლის ან მომსახურების ისეთი მარკეტინგი, მათ შორის, შედარებითი რეკლამა, რომელიც იწვევს გაურკვევლობას კონკურენტის სასაქონლო ნიშანთან, სახელწოდებასთან და სხვა განმასხვავებელ ნიშანთან მიმართებით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ინფორმირებული მომხმარებლის მაღალ სტანდარტს, ვინაიდან მომხმარებელმა სწორედ მოვაჭრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მიიღოს გააზრებული და მისი ნებიშესაბამისი გადაწყვეტილება.”- განმარტავენ სააგენტოში.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო მომხმარებელს საკონტაქტო ინფორმაციას აწვდის, რომლის მეშვეობითაც მათ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტოსთვის მიმართვა შეიძლიათ.

,,თუ თვლით, რომ თქვენი როგორც მომხმარებლის უფლება ირღვევა აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge.

დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20 და ასევე ქალაქის ნომერზე 032 205 44 22. კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია საკითხი შეისწავლოს მხოლოდ მომხმარებლის განცხადების დაფიქსირების შემთხვევაში.''- აცხადებენ სააგენტოში.