„ნებისმიერი პროდუქტის „ქეშბექი“ გათვალისწინებული გვაქვს ფასწარმოქმნის შემთხვევაში ნებისმიერ პროდუქტზე. პირველადი მოხმარების პროდუქტს შეეხება თუ არაპირველადი მოხმარების პროდუქტს. რა თქმა უნდა, მარჟები განსხვავებულია ფასწარმოქმნის დროსაც და შესაბამისად ვითვალისწინებთ „ქეშბექს“ ყველა პროდუქტის ფასწარმოქმნის შემთხვევაში“- ამის შესახებ კომპანიის „ზღაპარი“ დირექტორმა თამარ უდესიანმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.
როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მათ აქვთ საშუალება, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, სადაც „ქეშბექი“ აქვთ, შესასყიდ ფასზე იაფად გაყიდონ აღნიშნული პროდუქტები.
მან ასევე კითხვაზე, რა შეიძლება დაემართოს ფასს „ქეშბექის“ გაუქმების შემთხვევაში, უპასუხა, რომ ფასი ვერ გაიაფდება, რადგან „ქეშბექის“ ნაწილი ფასწარმოქმნის დროსვე აქვთ გათვალისწინებული.
„პირობითად პირველადი მოხმარების პროდუქტები რომ ავიღოთ, რძის პროდუქტები, კვერცხი, იგივე წონის პროდუქტებზე აღვნიშნავ, რომ არანაირი „ქეშბექი“ არ ვრცელდება და ჩვენი ბრუნვის საკმაოდ დიდ წილს წონის პროდუქტები შეადგენს. რაც შეეხება დანარჩენ პროდუქტებს, პირველად მოხმარების პროდუქტებზე სადაც ქეშბექები გვაქვს, გვაქვს იმის საშუალება, რომ არა შესასყიდი ფასით, არამედ გაცილებით იაფად გვიდევს თაროზე არა მხოლოდ აქციის დროს, არამედ რეგულარული ფასიც კი იაფია გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე არსებულ სხვა ჩვენს კონკურენტებთან მიმართებაში გვიწევს ფასის დაკლება, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ მათთან მიმართებაში. ჩვენს ნაწილში ფასი ვერ გაიაფდება იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნე „ქეშბექის“ ნაწილი ფასწარმოქმნის დროსვე გვაქვს გათვალისწინებული და ბრუნვად პროდუქტებზე უკვე „ქეშბექის“ ხარჯზე შესაძენ ფასზე იაფად ვყიდით აღნიშნულ პროდუქტებს.
რაც შეეხება „ქეშბექის“ ყოველწლირად ზრდას, ვფიქრობ მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას. მეწარმემ თავიდანვე უნდა განსაზღვროს რის წარმოებას დაიწყებს, ან იმპორტიორმა რის იმპორტს დაიწყებს. მათ მიერ ბაზრის კვლევა არ ხდება. წინა შეხვედრებზე რამდენიმე მომწოდებელმა გააჟღერა, რომ ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ პატარა მეწარმეები ბაზრიდან გამქრალიყვნენო. შესაბამისად, ნათელია, რომ მიწოდება აჭარბებს იმ მოთხოვნას, რაც არის ქსელების მიმართ და თვითონვე აქვთ გაჩაღებული ხელჩართული ომი ამ „ქეშბექების“ სახით და თვითონვე სთავაზობენ ყველა ქსელს, რომ მეორე გაუშვან და თვითონ იყვნენ წარმოდგენილი ქსელში, რაც იწვევს ამ „ქეშბექების“ ასე ზრდას“- განაცხადა თამარ უდესიანმა.