ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აფრთხილებს, რომ მიმდინარე წლის 1 აპრილს ამოიწურა ვადა, რომლის ფარგლებშიც 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოებს საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანათ.

„2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოებს, რომელთაც 2026 წლის 1 აპრილამდე  თავიანთი სარეგისტრაციო მონაცემები არ მოუყვანიათ შესაბამისობაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, ამავე კანონის 254-ე მუხლის პირველი პუნქტით  განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის,  სხვა შეზღუდვებთან ერთად, 2026 წლის 1-ელი აპრილიდან შეიზღუდა საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის უფლება.

კერძოდ, შეიზღუდა:

- ავტორიზებული გვერდის www.eservice.rs.ge გამოყენება, ელექტრონული და მატერიალური ფორმით კომუნიკაცია, მათ შორის შეზღუდვა მოიცავს: საგადასახადო დეკლარაციის წარდგენას, საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურის მომსახურებით სარგებლობას, საწარმოზე აქციზური და არააქციზური მარკების გაცემას, საწარმოს მიერ წარდგენილი აქციზური და არააქციზური მარკების შეძენის შესახებ განაცხადის დადასტურებას, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნებას, საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო ფორმალობის განხორციელებას (მათ შორის, საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენას).

- საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურში საგადასახადო/საბაჟო დავის დაწყება ან/და შემოსავლების სამსახურში მიმდინარე საგადასახადო/საბაჟო დავაში მონაწილეობა“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ უნდა აღდგეს რეგისტრაცია?

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, შეზღუდვები მხოლოდ მას შემდეგ მოიხსნება, რაც საწარმო კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას შეასრულებს:

- საწარმო შეასრულებს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას, კერძოდ, უზრუნველყოფს სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

- აღნიშნულ საკითხზე რეგისტრაცია შეჩერებულმა პირებმა უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის სახლებს.

    ცნობისთვის, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი ძალაში 2022 წლიდან შევიდა, თუმცა არსებულ სუბიექტებს მონაცემების დასაზუსტებლად გარკვეული გარდამავალი პერიოდი ჰქონდათ მიცემული, რომელიც მიმდინარე წლის 1 აპრილს დასრულდა.