თბილისში, ელბაქიძის აღმართზე ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან დაკავშირებული კომპანია „საქანელა დეველოპმენტი“ 7 შენობისგან შემდგარი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. 

კომპანია საყრდენი კედლის მშენებლობას იწყებს. გარდა ამისა, „საქანელა დეველოპმენტი“ არქიტექტურის სამსახურთან პროექტს და ვიზუალს ათანხმებს და 7-დან 5 ბლოკზე შუალედური თანხმობაც მიღებული აქვს.

პროექტის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობი 22835 მ2-ია, განაშენიანების ფართობი 42665 მ2, ხოლო საერთო ფართობი 37242.13 მ2 იქნება.

პროექტის მიხედვით ყველაზე მაღალი შენობა 31 სართულს მოიცავს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტის მიზანს წარმოადგენს შექმნას თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც იქნება დატვირთული ყველა იმ ფუნქციით რაც სჭირდება დამოუკიდებელ და სრულყოფილ განაშენიანებას. 

„საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო #12; ქ.თბილისი, ქუჩა საქანელა, მიმდებარედ ნაკვეთი 03/042  და ხასიათდება ქანობიანი რელიეფით (ზღვის დონიდან მაქს. 413.84 და მინ. 392.85).

პროექტის მიზანს წარმოადგენს  შექმნას თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც იქნება დატვირთული ყველა იმ ფუნქციით რაც სჭირდება დამოუკიდებელ და სრულყოფილ განაშენიანებას.

N 1, N2 და N 3 შენობის სართულიანობა ჯავახიშვილის ქუჩიდან არის 4-6 სართული, შენობა N 4 და N 5 რომელიც ორიენტირებულია სანაპიროსკენ არის 5 სართულიანი. კომპლექსის დომინანტ მოცულობას წარმოადგენს შენობა N 6, სადაც გათვალისწინებულია 31 სართული, ხოლო შენობა N 7 ის სართულების რაოდენობა არის 14 სართული.  კომპლექსისთვის მაქსიმალური სიმაღლე  განსაზღვრულია 114.1 მ ით.

ფასადების დიზაინი შთაგონებულია ძველი თბილისის ტრადიციული არქიტექტურით, შენობის ძირითად ფასადზე მოწყობილი ხის აივნებით, ტერასებითა და ლოჯიებით.  ფასადის ძირითადი ნაწილი მოპირკეთებულია მეტალის წინასწარ დამუშავებული, ყრუ და პერფორირებული, თბილი ნაცრისფერი პანელებით, ხოლო პედესტალის ნაწილზე კი გამოყენებულია ნაცრისფერი ბუნებრივი ქვის მოპირკეთება. საფასადე კარ-ფანჯრები და ვიტრაჟების სტრუქტურა წარმოადგენს ანტრაციდის ფერის ალუმინის ჩარჩოს. მოაჯირისათვის გამოყენებულია ლითონი და მინა.
ობიექტის ძირითად სტრუქტურულ სისტემას წარმოადგენს  რკინა-ბეტონის სვეტებისგან შემდგარი კარკასი, რომელიც მოწყობილია რკინა ბეტონის ხიმინჯებზე.

ამჟამად, შესათანხმებლად, წარმოდგენილია კომპლექსის შემადგენელი ხუთი, კომერციული ფუნქციის მქონე ბლოკი, რომლებიც, შეთანხმებული გრგ-ს დოკუმენტის მიხედვით, კლასიფიცირდება, როგორც ბლოკები - B1, B2, B3, B4, B5. B1 ბლოკს არ გააჩნია პარკინგი; B2, B3, B4 და B5 ბლოკებს კი  აერთიანებს 2 საერთო პარკინგის სართული. აღნიშნულ ბლოკებში იგეგმება საოფისე, სავაჭრო სივრცეების, კვების ობიექტების, საცურაო აუზის, სპორტული დარბაზის და სხვა კომერციული სივრცეების მოწყობა, რაც კომპლექსს აქცევს ქალქისთვის მნიშვნელოვან ინფრაქტრუქტურულ ცენტრად“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

შპს „საქანელა დეველოპმენტს“ შპს „სილქ რიალ ისთეითი“ ფლობს, რომლის 95%-იც შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“ ეკუთვნის, ხოლო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო თავმჯდომარე გიორგი რამიშვილია.