„საქართველოში IT ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა დიდი კომპანიების მხრიდან მზარდია, ხოლო მცირე და საშუალო კომპანიების მხრიდან დაბალი“ - ამის შესახებ Skydo Corporation-ის დირექტორმა გელა გრძელიძემ „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა გაზრდილია კიბერ შეტევები, ფიშინგი და სხვა მრავალი, ახლო მომავალში ყველა ზომის კომპანიას მოუწევს იფიქროს IT ინფრასტრუქტურის გამართვაზე.

ბაზარი არის ფორმირებისა და განვითარების პროცესში. დღესდღეობით მსხვილ კომპანიებს უფრო კარგად ესმით საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების საჭიროება ბიზნესში. განსაკუთრებით გამოვარჩევდი საფინანსო სისტემაში ოპერირებად კომპანიებს, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია რომ ჰქონდეთ გამართული სისტემა, რათა მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია იყოს დაცული.

რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს. მათი მფლობელები დღესდღეობით ინფორმაციული ტექნოლოგიის სისტემის დანერგვას აღიქვამენ როგორც ხარჯს და მათ არ ესმით ის ტენდენციები თუ რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს თუკი კომპანიას არ აქვს ინფორმაციული ტექნოლოგიები სწორად გამართული. შესაბამისად, ამ დროისთვის მათი მხრიდან მოთხოვნა ტექნოლოგიების ყოველდღიურ საქმიანობაში იმპლემენტაციის კუთხით დაბალია. თუმცა თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით მათაც მოუწევთ ახლო მომავალში რომ იფიქრო IT ინფრასტრუქტურის გამართვაზე“, - განაცხადა გელა გრძელიძემ.