საერთაშორისო აუდიტორულმა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონმა“ საქართველოს ბაზრის საკონსულტაციო საჭიროებების დეტალური კვლევა ჩაატარა.
გამოვლენილ ტენდენციებსა და ბაზრის მოთხოვნილებებზე „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა, პაატა შურღაიამ და „გრანთ თორნთონის“ ბიზნეს საკონსულტაციო განყოფილების მენეჯერმა, ხატია გიორგობიანი „კომერსანტი ლაივის“ ეთერში ისაუბრეს.
- პირველ რიგში გთხოვთ ვისაუბროთ იმ ფაქტორებზე, რამაც განაპირობა აღნიშნული მიმართულების განვითარება, როგორ აფასებთ ბაზრის საჭიროებებს და მოთხოვნებს?
პ.შ. - მიმდინარე წელს ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ.
მიმართულების განვითარება გარკვეული ტიპის ინვესტიციას მოითხოვს, ხოლო თავად ინვესტიციების მოკვლევას საკმარისი დრო უნდა დაუთმო. მნიშვნელოვანია, ინვესტიცია იმ ადამიანებში, რომლებიც ამ ყველაფერს განახორციელებენ.
სამუშაო კადრებში ინვესტიცია შეიძლება განგრძობითი იყოს, რადგან როცა ასეთ მომზადებულ ხალხს მოიყვან და იმ კულტურასთან აზიარებ, რომელიც ჩვენთანაა, ბაზარს ახალი სერვისის მიღების შესაძლებლობა ექმნება.
ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულება მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ევროპისკენ აქვს გეზი. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ძალიან მალე გავხდებით. გარდა პოლიტიკური კუთხისა, ევროინტეგრაცია ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. გაჩნდება უფრო მეტი შესაძლებლობა ევროპელ ბიზნესმენებთან ინტერაქციის, მათ შორის სერვისების ექსპორტის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ მზად ისეთი ტიპის სერვისებზე გავაკეთოთ ინვესტიცია, რომელიც მომავალზე იქნება გათვლილი. უმეტესად ჩვენი მიმართულებები - საბუღალტრო, აუდიტის, ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ის პორტფოლიო, რომელიც აქამდე იყო წარმოდგენილი, უკავშირდებოდა ისეთი ტიპის ოპერაციებს, რომლებიც აქამდეც იყო მოთხოვნადი.
ახლა კი გვინდა ამ სპექტრთან ერთად ისეთი ტიპის მომსახურებები შევთავაზოთ, რომელიც მომავალთან იქნება დაკავშირებული, მაგალითად, ისეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებასთან, რომელიც სჭირდება კომპანიის ეფექტიანობას, შემოსავლების გაზრდას, ინვესტიციების მოზიდვას. შესაბამისად, არის სამი მნიშვნელოვანი მიმართულება:
პირველი - ბიზნეს გარემო, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ პირდაპირი გავლენა არ გვაქვს, ამას ბიუროკრატია ქმნის.
მეორე - ადამიანები, ჩვენ სწორედ აქ ვთავაზობთ ბიზნესს საკონსულტაციო მომსახურებას.
მესამე - ბიზნეს პროცესები, რომელიც ძალიან ბევრ სერვისს მოიცავს: ბიზნესის ტრანსფორმაცია, მონაცემთა ანალიზი, რისკების შეფასება და ა.შ.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს მიმართულებები მოთხოვნადი იქნება, რადგან ყველა გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანამ ეს ეტაპი გაიარა. ამ მოსაზრებას ამყარებს კვლევაც რომელიც მიმდინარე წლის ივნის-ოქტომბერში ჩავატარეთ.
- რა ტიპის კვლევა განხორციელდა?
ხ.გ. - 2024 წლის ივლისი - ოქტომბრის პერიოდში გრანთ თორნთონმა ჩაატარა სიღრმისეული კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს ბაზრის საკონსულტაციო საჭიროებების დეტალური ანალიზი. კვლევა ფოკუსირებული იყო 2023-2024 წლების პერიოდში საჯაროდ ხელმისაწვდომი ტენდერების ანალიზზე, რომლებიც განთავსებულია ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა tender.ge, etenders.ge და procurement.gov.ge.
მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ კვლევა მხოლოდ იმ ტენდერებზე იყო კონცენტრირებული, რომლებიც უშუალოდ ბიზნეს საკონსულტაციო დეპარტამენტისთვის იყო აქტუალური. შეგროვებული მონაცემების მოცულობა ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ საქართველოს ბაზარზე საკონსულტაციო მომსახურებებზე, კერძოდ Advisory მიმართულებაზე, მაღალი მოთხოვნაა. აღნიშნული ტენდენცია ხაზს უსვამს ბაზრის მზარდ საჭიროებებს და ამავდროულად ქმნის საფუძველს Advisory დეპარტამენტის სერვისების შემდგომი განვითარებისა და მორგებისთვის, რათა კომპანიამ მაქსიმალურად ეფექტურად უპასუხოს ამ მოთხოვნებს.
- კვლევის შედეგად კიდევ რა მნიშვნელოვანი მიგნებები და შედეგები გამოვლინდა?
ხ.გ. - კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს საკონსულტაციო ბაზარზე შეფასების (Valuation) მომსახურებები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. ეს სფერო აშკარად დომინირებს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. ეს მეტყველებს რომ ბიზნესს მუდმივად სჭირდება აქტივების, ბიზნესების თუ ქონების ზუსტი დაგამჭვირვალე შეფასებება, ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, ეფექტური სტრატეგიულიგადაწყვეტილების მისაღებად.
ჩვენი კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე მაკროეკონომიკური გამოწვევა კვალიფიციური თანამშრომლების დეფიციტია, განსაკუთრებით ტექნიკურ და მენეჯერულ პოზიციებზე. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, 40%-ზე მეტი კომპანია სირთულედ ასახელებს არასაკმარისი განათლების მქონე მუშახელის საკითხს.
ასევე აღსანიშნავია სტრატეგიული დაგეგმარებისა და ბაზრის კვლევის მიმართულების მაღალი მოთხოვნა, რაც კვლევის შედეგებმა აჩვენა. ეს ფაქტი მეტყველებს რომ მნიშვნელოვანია ბაზრის დინამიკის უკეთ გაგება და ანალიზი, სტრატეგიული და გრძელვადიანი გეგმების ეფექტურად შემუშავებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური მართვა, ბიზნეს ტრანსფორმაცია, IT აუდიტი, პროგრამების მართვა და ოპერაციების გაუმჯობესება ბაზრის მოთხოვნის შედარებით მცირე წილს იკავებს, ეს სერვისები არსებითად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ემსახურება სპეციალიზებულ საჭიროებებს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ორგანიზაციების ეფექტიანობასა და მდგრად განვითარებას.
ამ ტენდენციების გათვალისწინებით, საკონსულტაციო კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად მოარგონ თავიანთი სერვისები აღნიშნულ საჭიროებებს და დააკმაყოფილონ როგორც არსებული, ასევე პოტენციური მოთხოვნები ქართულ ბაზარზე.
- კონკრეტულად, რა ტენდენციები გამოავლინა თქვენმა კვლევამ ადამიანური კაპიტალის მართვის სერვისის მოთხოვნის მიმართულებით?
ხ.გ. - მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე სატრენინგო შეთავაზებები უხვადაა, ყურადღება ძირითადად სამუშაოს სპეციფიკურ უნარებზეა გამახვილებული, რაც უგულებელყოფს ისეთ მნიშვნელოვან რბილ უნარებს, როგორებიცაა ლიდერობა, სტრატეგიული აზროვნება და კომუნიკაცია. ჩვენი ანალიზიც გვიდასტურებს ამ ფაქტს და მსგავს სურათს გვიჩვენებს. შეფასების სერვისის შემდეგ, ადამიანური კაპიტალისა და ტრენინგების სერვისებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ეს მიგნებები ხაზს უსვამს ორგანიზაციების მზარდ საჭიროებას, გააძლიერონ თავიანთი გუნდები ცოდნისა და უნარების განვითარებით. ასეთი ინიციატივები ხშირად უკავშირდება სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციას, ეფექტიანობის გაუმჯობესებას და ორგანიზაციული მიზნების მიღწევას.
- როგორ პასუხობს თქვენი გუნდი ბაზრის მოთხოვნებს საკონსულტაციო სერვისების სფეროში?
ხ.გ. - ამ კვლევის შედეგების საფუძველზე, გრანთ თორნთონმა განახორციელა საკონსულტაციო გუნდის სტრუქტურული მოდერნიზაცია, რათა უფრო ეფექტურად მოერგოს ქართული ბაზრის მრავალფეროვან და დინამიკურ საჭიროებებს. ჩვენი გუნდი გამოირჩევა როგორც სპეციალიზებული უნარებით, ისე ფართო და მრავალმხრივი გამოცდილებით, რაც საშუალებას გვაძლევს, კლიენტებს შევთავაზოთ პერსონალიზებული და მაღალკვალიფიციური გადაწყვეტილებები.
- კონკრეტულად, რა უნარებითა და ექსპერტიზით გამოირჩევა გუნდი?
ხ.გ. - გრანთ თორნთონის ექსპერტთა გუნდი აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებას, რაც უზრუნველყოფს სერვისების მაღალ სტანდარტს. ჩვენი შემფასებლები (Valuators) უმაღლესი კომპეტენციით და მრავალწლიანი ადგილობრივი გამოცდილებით აწვდიან კლიენტებს მაღალი ხარისხის, სანდო და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს, რაც მათი ბიზნესის სტრატეგიულ მიზნებს მაქსიმალურად შეესაბამება.
პირადად მე, მაქვს სიღრმისეული ცოდნა ბიზნეს ტრანსფორმაციისა და პროგრამების მართვის (Programme Management) სფეროებში. ეს ცოდნა დაფუძნებულია ევროპის ბაზარზე მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებაზე, სადაც ვმუშაობდი ერთ-ერთ უმსხვილეს საკონსულტაციო კომპანიაში. ამ საქმიანობამ მომცა უნარი, შევიმუშავო და წარმატებით განვახორციელო სტრატეგიული გადაწყვეტილებები, რომლებიც ფოკუსირებულია ორგანიზაციების ტრანსფორმაციასა და ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებაზე.
როგორც საერთაშორისო კომპანია, გრანთ თორნთონს აქვს წვდომა მრავალფეროვან რესურსებზე, მათ შორის ადამიანური რესურსების მართვის, IT გადაწყვეტილებებისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებებში. ჩვენი გლობალური ქსელი და საერთაშორისო მასშტაბით დაგროვილი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, შევიმუშაოთ ინდივიდუალური მიდგომები, რომლებიც ეფექტურად პასუხობს ადგილობრივ გამოწვევებს და უზრუნველყოფს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების დანერგვას.
ჩვენი მისიაა, არა მხოლოდ დავაკმაყოფილოთ კლიენტების მოლოდინები, არამედ გავაძლიეროთ მათი პოტენციალი გრძელვადიან პერსპექტივაში. გრანთ თორნთონის საკონსულტაციო სერვისები შექმნილია იმისთვის, რომ კომპანიებს მიაწოდოს ინოვაციური და მდგრადი გადაწყვეტილებები, რაც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე.
- თქვენი ხედვით, რა ძირითადი ტენდენციები იკვეთება საქართველოს ბაზარზე უახლოეს მომავალში?
ხ.გ. - საქართველოს ბაზარზე უახლოეს პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ციფრულ ტრანსფორმაციაზე და ტექნოლოგიური ინოვაციების ინტეგრაციაზე. კომპანიები ზრდიან ინვესტიციებს ციფრულ ინფრასტრუქტურაში, IT უსაფრთხოებასა და პროცესების ავტომატიზაციაში, რათა განაგრძონ კონკურენცია. ამასთან, ESG პრინციპები (გარემოს დაცვითი, სოციალური და მმართველობითი) სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო რეგულაციებით არის განპირობებული. ასევე, იზრდება მოთხოვნა ფინანსურ მართვასა და შიდა აუდიტზე, რაც გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზრდასთან ერთადაა დაკავშირებული.
- როგორ შესაძლებლობებს ქმნის ეს ტენდენციები საკონსულტაციო კომპანიებისთვის საქართველოში?
ხ.გ. - ეს ტენდენციები საკონსულტაციო კომპანიებისთვის ქმნის უნიკალურ შესაძლებლობებს ისეთი სერვისების განვითარებისთვის, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა, ცვლილებების მართვა, მონაცემთა ანალიზი და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია. ESG სტანდარტების ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა მდგრადი ბიზნესმოდელების შექმნაზე, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაზე და სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებაზე. საკონსულტაციო კომპანიებს, როგორიცაა გრანთ თორნთონი, აქვთ შანსი, დანერგონ ინოვაციური და საჭიროებებს მორგებული გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულად უპასუხებს საქართველოს ბაზრის სპეციფიკურ მოთხოვნებს.
- რა ძირითადი მოთხოვნები იკვეთება საქართველოს ბაზარზე უახლოეს მომავალში?
პ.შ. - სერვისების რეგიონული დაფარვა ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია.
საქართველოს, სამწუხაროდ, არ აქვს იმის ნიშა, რომ თავად განავითაროს რაღაც ტიპის მიმართულებები, ამისთვის არ გვაქვს: ინფრასტრუქტურა, შესაბამისი ისტორია, განათლების დონე და სხვა მნიშვნელოვანი დეტალი, რაც აუცილებელია.
რეგიონის კუთხით, ვიჭერთ იმ მიმართულებას, საიდანაც ჩვენი ქსელისთვის საჭირო ცოდნას წამოვიღებთ, მათ შორის წვდომას გარემოს დაცვის სერვისებზე, მონაცემთა ანალიტიკაზე, კიბერუსაფრთხოების ანალიზზე.
ჩვენი ექსპერტები მათ შორის საქართველოშიც, აქტიურადა არიან ჩართული რომ ამ სერვისებზე წვდომა იყოს უფრო მარტივი, ვიდრე აქამდე.
მომავალს პოზიტიურად ვაფასებთ და მიზანი გვაქვს, ბიზნესთან უფრო ცხადად და აქტიურად მივიტანოთ სათქმელი. ბიზნესის წარმომადგენლებს ყოველთვის ვეუბნებით, რომ მოგვცენ შესაძლებლობა, რათა დავანახოთ, რა ტიპის შესაძლებლობის მიცემის საშუალება გვაქვს, დასკვნები, შეფასებები და მოქმედებები კი ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ გააკეთონ.